logo
ENG



"ოცნება" პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელში "ფედერალისტებს" ამატებს

20 აპრ 202611:28
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/20/gl41gbphrqbowgs.png

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, დღეს გამოითხოვენ პარტიების აკრძალვაზე ძველ სარჩელს და სასამართლოს მიმართავენ ახალი სარჩელით, რომელშიც გაზრდილი იქნება პარტიების ჩამონათვალი, კერძოდ ჩაემატება პარტია "ფედერალისტები".

პაპუაშვილის თქმით, ამის მიზეზია 2 მარტს "ოპოზიციის ალიანსის" მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ალიანსში სხვა პარტიებიც არიან, თუმცა ისინი აფასებენ, რამდენად არსებითია მათი გავლენა პოლიტიკაზე. პაპუაშვილი ამბობს, რომ ალიანსის ლიდერები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია.

"დღეს მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით. ამავე დროს გამოვითხოვთ ძველ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით გვქონდა შეტანილი, და მივმართავთ ახალი, დაკორექტირებული სარჩელით, რომელშიც გავზრდით პარტიების რაოდენობას. კერძოდ, თავდაპირველ კონსტიტუციურ სარჩელში იყო სამი პარტია - "ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ლელო", ხოლო ახალ კონსტიტუციურ სარჩელში ამ სამ პარტიასთან ერთად იქნება "ფედერალისტური" პარტია",- თქვა პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სარჩელის შესაძლო კორექტირებაზე ირაკლი კობახიძემ 9 მარტს განაცხადა, მას შემდეგ, რაც 2 მარტს 9 პარტიამ დაარსა "ოპოზიციის ალიანსი".

მანამდე, 2025 წლის 31 ოქტომბეს "ქართულმა ოცნებამ" სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მითხოვნით საკონსტიტუციო სარჩელი დაარეგისტრირა. სარჩელის ავტორები მოითხოვენ, აიკრძალოს "ნაციონალური მოძრაობა", "ახალი" და "ლელო". 

სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, სარჩელის ავტორების შეფასებით,  ხსენებული პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

 

 


close დახურვა