მნიშვნელოვანია, რომ თავად არჩევნები წარმატებული იყოს იმ მხრივ, რომ ვაკვირდებით, ბოლო 5 წელიწადში ეს მერვე არჩევნებია ბულგარეთში. სამწუხაროდ, წინა პერიოდში ან ვერ ხდებოდა უმრავლესობის ფორმირება ან ძალიან მოკლევადიანი იყო ხოლმე. მე რამდენიმე თვის წინ ვიყავი ბულგარეთში, მაშინ პრეზიდენტს შევხვდი და მაშინვე ცნობილი იყო, რომ ის აპირებდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. იცით, რომ ის იანვარში გადადგა პრეზიდენტის თანამდებობიდან. როგორც ჩანს, მისი პარტია იქნება გამარჯვებული პარტია არჩევნებში. როგორც ჩანს, მას ექნება ერთპარტიულად უმრავლესობის დაკომპლექტების შესაძლებლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბულგარეთთან ორმხრივი ურთიერთობა ერთ-ერთი პრიორიტეტია შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბდეს სტაბილური უმრავლესობის მქონე მთავრობა და იმედია, რომ ასეც მოხდება...სხვათა შორის, ამ კონტექსტში საინტერესოა, უნგრეთის არჩევნების შედეგები. იცით, რომ უნგრეთში ოპოზიციურმა ლიდერმა მოიპოვა ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობა. ყველამ მიულოცა. ჩვენც ვულოცავთ, რა თქმა უნდა, თუმცა გაიხსენეთ, ჩვენთან რა ისტერია ჰქონდა ბრიუსელს და მის დაქირავებულ ჯგუფებს, თითქოს კოალიციური მთავრობა უნდა იყოს მიზანი, კონსტიტუციური უმრავლესობა არის არადემოკრატიული და თითქოს ერთ პარტიას თუ აქვს უმრავლესობა, ეს არის არადემოკრატია. კარგად მიულოცეს უნგრეთის ოპოზიციას ერთპარტიული კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება?! აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, რომ ეს თავიც გადავფურცლოთ - ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში სხვების მავნე ხელების ფათურით გვარწმუნებდნენ, თითქოს ერთპარტიული უმრავლესობა, კონსტიტუციური უმრავლესობა ცუდი და ანტიდემოკრატიულია. თავად ბრიუსელმა დაადასტურა, რომ მთავარია ხალხი როგორ აირჩევს და ხალხის არჩევანი თუა ასეთი, ყველამ უნდა მიიღოს. ასე რომ, კიდევ ერთხელ დამარცხდა ბრიუსელი ამ თავისი ნაბიჯითაც. დამარცხდა ქართველებთან იმით, რომ ის რასაც ჩვენ გვიმტკიცებდნენ, "კონსტიტუციური უმრავლესობა ცუდია, ერთი პარტიის უმრავლესობის ქონა არის ცუდი", ეს ყველაფერი მამლის ყივილამდე უარყვეს
