"ქართული ოცნების" პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებულ ახალ საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმომწერი დეპუტატების ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა. საკონსტიტუციო სარჩელს პარლამენტის 89 წევრი აწერს ხელს.
კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე პარლამენტის 89 წევრის ხელმოწერების ნამდვილობა დაადგინა და დაასკვნა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის უფლებას იძლევა.
"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს, ძველ სარჩელს კი უკან გამოითხოვს. "ქართულმა ოცნებამ" ახალი სარჩელით ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალს პარტია "ფედერალისტები" დაამატა. ამის შესახებ დღეს ასევე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დღეს გამოითხოვდნენ პარტიების აკრძალვაზე ძველ სარჩელს და სასამართლოს მიმართავენ ახალი სარჩელით, რომელშიც გაზრდილი იქნება პარტიების ჩამონათვალი, კერძოდ ჩაემატება პარტია "ფედერალისტები".
პაპუაშვილის თქმით, ამის მიზეზია 2 მარტს "ოპოზიციის ალიანსის" მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ალიანსში სხვა პარტიებიც არიან, თუმცა ისინი აფასებენ, რამდენად არსებითია მათი გავლენა პოლიტიკაზე. პაპუაშვილი ამბობს, რომ ალიანსის ლიდერები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია.
"დღეს მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით. ამავე დროს გამოვითხოვთ ძველ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით გვქონდა შეტანილი, და მივმართავთ ახალი, დაკორექტირებული სარჩელით, რომელშიც გავზრდით პარტიების რაოდენობას. კერძოდ, თავდაპირველ კონსტიტუციურ სარჩელში იყო სამი პარტია - "ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ლელო", ხოლო ახალ კონსტიტუციურ სარჩელში ამ სამ პარტიასთან ერთად იქნება "ფედერალისტური" პარტია",- თქვა პაპუაშვილმა.
პარტიების აკრძალვის სიაში "ფედერალისტების" დამატებას თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა, მისი თქმით, მათთვის ამ აკრზალვით არაფერიიცვლება.
"რასაკვირველია, კონკურენტად აღვიქვამთ ყველა პარტიას, ჩვენ გარდა, მაგრამ კონკურენტების დამარცხება გვინდა თანასწორ ველზე, სამართლიან ბრძოლაში და არა ბიძინა ივანიშვილის აკრძალვების შედეგად. შესაბამისად, ამით ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერი იცვლება, თუმცა ვხვდები, რეჟიმს რაში დასჭირდა ეს ყველაფერი. ცხრათვიანი ვადა გასდის, იმის თავი არ აქვს, მიადგეს და ის სამი პარტია აკრძალოს. ამიტომ ახალი ვადა სჭირდება. შესაბამისად, გამოითხოვეს ის ცხრათვიანი და ახალი სარჩელი შეიტანეს, რომ ახალი ვადის ათვლა დაიწყოს. რეჟიმის სისუსტის დემონსტრაციაა ეს და არაფერი სხვის. ამიტომ, მივმართავ მხარდამჭერებს, რომ ამით ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერი იცვლება. ჩვენ რეჟიმს აქციით, სანქციით და ალტერნატივით ვაიძულებთ დათმობებზე წამოსვლას. ბუნებრივია, ამის შედეგად რეჟიმი შეიცვლება, სათავეში მოვა დემოკრატიული ხელისუფლება, რომლის ნაწილიც აუცილებლად ვიქნებით „ფედერალისტები“. ქვეყანაში დავამყარებთ სამართლიანობას, მოქალაქეებს მოვუტანთ უსაფრთხოებას, აღვადგენთ სამოქალაქო თავისუფლებებს, ანუ გავაუქმებთ ყველა რუსულ კანონს. ამის მიღმა შევცვლით საარჩევნო კანონმდებლობას, რათა ადამიანებმა თავიანთი ნება, არჩევანის უფლება დაიბრუნონ და შემდეგ სამართლიანმა სასამართლომ უზრუნველყოს, რომ მათი არჩევანი ყოველთვის დაცული იქნება და ივანიშვილის მსგავსმა ავაზაკებმა ვერ მიიტაცონ. ასე რომ, ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება. რეჟიმმა გამოავლინა თავისი სისუსტე, სხვა არაფერი", - თქვა ჩერგოლეიშვილმა
