logo
ENG



IDF: დადასტურდა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმა იგეგმებოდა

20 აპრ 202614:22
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/20/7wxkr2w0tlh7hl4.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალების, მოსადისა და შინ ბეთის ერთობლივი განცხადებით, უკვე დადასტურებულად - აზერბაიჯანში გამოვლენილია ქსელი, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მხარდაჭერით მოქმედებდა და სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმებს ამზადებდა. სამიზნეებს შორის იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, ასევე აზერბაიჯანში მდებარე ებრაული ინფრასტრუქტურა და დიპლომატიური ობიექტები. დივერსიის გეგმა აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ჩაიშალა.

გამოძიების მიხედვით, დაკავებულ პირებს თან ჰქონდათ ფეთქებადი მოწყობილობებით აღჭურვილი დრონები და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა, რომელიც ქვეყანაში არალეგალური გზებით შეიტანეს. ისრაელის უსაფრთხოების სტრუქტურების განცხადებით, ჯგუფის წევრები ირანიდან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებდნენ და თავდასხმების მოსამზადებლად სადაზვერვო საქმიანობასაც ეწეოდნენ.

ისრაელის სპეცსამსახურების განცხადებით, გამოვლენილი ქსელი მხოლოდ ერთ ოპერაციას არ ამზადებდა და სხვა სტრატეგიული სამიზნეებიც ჰქონდა განსაზღვრული. მათივე ცნობით, საფრთხეების თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა გაგრძელდება.

გამოძიების მასალების მიხედვით, თავდასხმების დამატებით სამიზნეებად შერჩეული იყო ისრაელის საელჩო აზერბაიჯანში, ებრაული თემის ერთ-ერთი ლიდერი და აშკენაზური სინაგოგა აზერბაიჯანში. საქმის ფარგლებში დაკავებულმა რვა აზერბაიჯანის მოქალაქემ აღიარა, რომ მოქმედებდა ირანთან დაკავშირებული პირების მითითებით.

5 მარტს ირანის ტერიტორიიდან დრონებით შეტევა განხორციელდა აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, დაზიანდა აეროპორტი და დაიჭრა 2 ადამიანი. აზერბაიჯანის  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა  ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ტერორისტული გეგმები მალევე გამოავლინა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი - საკვანძო სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი საქართველოსთვის - მსოფლიოში სიგრძით მეორე ნავთობსადენია.


close დახურვა