logo
ENG



რ2: სუს-ის მიერ დღეს დაკავებული 1, ძებნაში მყოფი 2 პირი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ

22 აპრ 202619:50
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/22/j3ec9rcbblmj1l4.jpg

სამთავრობო რუსთავი 2 წერს, რომ სუს-ის მიერ დღეს დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე, ასევე, მხილებული ორი მოქალაქე - რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, ორი კი - ამხილეს და მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. 

სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ თქვა, რომ დაკავებული 1 მოქალაქე - უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით აგროვებდა და გადასცემდა მათ ინფორმაციას. 

სუს-ის თანახმად, ჯაშუშობისთვის დაკავებულ პირს დავალებული ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება სამართალდამცავი სტრუქტურების შესახებ. 

ამასთან, ლაშა მაღრაძემ აღნიშნა, რომ "კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ანალოგიურ დანაშაულში ასევე მხილებულია საქართველოს 2 მოქალაქე, რომლებიც გადაბირებულ იქნენ ამავე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების მიერ და მიღებული დავალების შესაბამისად, საქართველოს ინტერესების საზიანოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციების შეგროვებას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებისთვის გადაცემას".

"საქმის სპეციფიცკურობიდან გამომდინარე, დანაშაულის დეტალების დეტალური სიზუსტით შესწავლის მიზნით, გამოძიების ფარგლებში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

დაკავებულს ბრალდება ჯაშუშობისთვის წარედგინება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ კიდევ ორ პირს, რომლებიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მათ ჯაშუშობისთვის დაუსწრებლად წარედგინებათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით. მიმალვაში მყოფი პირების მიმართ, ინტერპოლის მეშვეობით, გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა", - თქვა ლაშა მაღრაძემ. 


close დახურვა