თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ჩამოერთმევა ქონება და გადაეცემა სახელმწიფოს.
განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.
ამავე საქმის ფიგურანტებს - თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე გიორგი ხაინდრავასა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას ვასილ მხეიძეს მოსამართლემ 8-8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
***
საქმის დეტალები:
ბრალდება: ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის გარემოცვას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარის გაფლანგვას ედავებიან. გამოძიების მიხედვით, მათ გორის ჰოსპიტლისთვის ტომოგრაფის აპარატი ხელოვნურად გაზრდილ ფასად შეიძინეს.
ფულის ლეგალიზაცია: ყოფილ მინისტრს ასევე ბრალად ედება დაუსაბუთებელი შემოსავლების შენიღბვა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში 544 000 ევროდ სახლისა და მიწის ნაკვეთის შესასყიდად.
ქონების ჩამორთმევა: პროკურატურის ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძეს უკვე ჩამოერთვა დაახლოებით 2.5 მილიონი ლარის ღირებულების ქონება.
სხვა ეპიზოდები: საქმეში ფიგურირებს ვასილ მხეიძის მიერ გორში მოწყობილი სიგარეტის არალეგალური ქარხნის ეპიზოდიც, საიდანაც 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო პროდუქცია ამოიღეს.
ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის უწყებას 2021-2024 წლებში ხელმძღვანელობდა.
8 აპრილს პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის ცოლისძმას, ვასილ მხეიძესა და ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი უთხრა.
საპროცესო შეთანხმება მხოლოდ ერთ ბრალდებულთან - თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან, ვლადიმერ ღუდუშაურთან გაფორმდება.
