რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების“ რატიფიცირება მოახდინა.
დოკუმენტი მანამდე პარლამენტის ქვედა პალატაში დასამტკიცებლად ვლადიმერ პუტინმა შეიტანა.
შეთანხმების მიხედვით, მოსკოვი და ცხინვალი გააგრძელებენ ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას და ეტაპობრივად გადავლენ ერთიან მიდგომაზე „საგარეო სესხებისა და უცხოური ინვესტიციების” საკითხებში.
ე.წ. „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება“ ასევე ითვალისწინებს „კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების“ შექმნას.
დოკუმენტს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერმა ალან გაგლოევმა 9 მაისს მოაწერეს.
