კრემლი თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებას მნიშვნელოვნად ამარტივებს. შესაბამის განკარგულებას ვლადიმირ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა.
ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, რეგიონის ყველა სრულწლოვან მოქალაქეს რუსული პასპორტის აღება დამატებითი მოთხოვნების, მათ შორის, რუსული ენისა და ისტორიის გამოცდის ჩაბარების გარეშე შეეძლება. გარდა ამისა, გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობას მიანიჭებენ დნესტრისპირეთში მცხოვრებ ობოლ ბავშვებსაც, მათი მეურვეების მოთხოვნის საფუძველზე.
ცნობისთვის, დნესტრისპირეთი მოლდოვის შემადგენელი ნაწილია, რომელმაც დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა, თუმცა მას გაეროს არცერთი წევრი ქვეყანა არ აღიარებს. რეგიონში ამ დრომდე უკანონოდ იმყოფება რუსეთის სამხედრო კონტინგენტი .
კიშინიოვი რუსული ძალების რეგიონში ყოფნას უკანონოს უწოდებს და მათ გაყვანას მოითხოვს.
ბოლო მონაცემებით, დნესტრისპირეთის 470-ათასიანი მოსახლეობიდან რუსეთის პასპორტი უკვე ასობით ათას ადამიანს აქვს აღებული. კრემლის მტკიცებით, ამ დროისთვის რეგიონში 220 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს.
