Financial Times-ის ინფორმაციით, გასულ კვირას ჩინეთში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალური ვიზიტის დროს, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა, ტრამპს უთხრა, რომ ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა, საბოლოოდ ინანოს უკრაინაში შეჭრა.
ოფიციალური პირების თქმით, რომლებიც ინფორმირებული არიან პეკინში გამართული სამიტის შესახებ, ჩინეთის ლიდერმა ეს განცხადება ფართო დიაპაზონის მოლაპარაკებების დროს გააკეთა.
გამოცემის ცნობით, წარსულში სი ძინპინს პუტინის მხრიდან 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ მსგავსი კომენტარი არ გაუკეთებია. ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც სი ძინპინისა და ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ფლობდა თქვა, რომ მიუხედავად "გულახდილი და პირდაპირი" საუბრისა რუსეთსა და უკრაინაზე, სი ძინპინს აქამდე პუტინისა და ომის ასეთი შეფასება არ გაუკეთებია.
ინფორმირებული წყაროების მიხედვით, ჩინეთში ვიზიტის დროს ტრამპმა სი ძინპინს შესთავაზა, რომ აშშ-მ, ჩინეთმა და რუსეთმა ICC-ის წინააღმდეგ უნდა ითანამშრომლონ, რადგან, მისი თქმით, ამ მხრივ ინტერესთა თანხვედრა არსებობს.
ცნობისთვის, ვლადიმირ პუტინი 19 მაისს ჩინეთში ჩავა, სადაც ჩინეთის ლიდერს შეხვდება.
