ევროკავშირი ოპოზიციის ალიანსს წერილს უგზავნის, რომელშიც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება, გაუმჯობესების ნიშნები კი ამ დრომდე არ ჩანს.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება, თუ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების და ევროპული ინტეგრაციის გზას დაუბრუნდება.
"საქართველო კვლავ მაღალ ადგილს იკავებს ჩვენს დღის წესრიგში. საგარეო საქმეთა საბჭომ 21 აპრილს განიხილა საქართველოში მუდმივად გაუარესებადი მდგომარეობა და იმსჯელა ევროკავშირის მხრიდან ზეწოლაზე, მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ
უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაუმჯობესების ნიშნები არ შეიმჩნევა და მინისტრებს ჰქონდათ მკაფიო გზავნილი — საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი.
ევროკავშირი რჩება საქართველოსთან ურთიერთობის ერთგული და აქტიურად უჭერს მხარს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას. ამ საკითხებზე ევროკავშირის პოზიცია მყარია და ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ საქართველოს სტაბილური და აყვავებული მომავლისთვის.
ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ისინი რამდენჯერმე განიხილა კიდეც. ევროკავშირის პოლიტიკა და ქმედებები ეფუძნება მის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს, რაც მოიცავს კანონის უზენაესობის, დემოკრატიული მექანიზმებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემას. საქართველოსთან ურთიერთობისას ევროკავშირი მუდმივად უსვამდა ხაზს ამ პრინციპების მნიშვნელობას. ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან ექვემდებარება რეგულარულ გადახედვასა და შეფასებას, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება ვითარების საფუძვლიანი ანალიზის საფუძველზე.
ევროკავშირის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველი ხალხის კეთილდღეობასა და პროგრესს, და ის გააგრძელებს ქვეყანასთან თანამშრომლობას საკუთარი ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად. ევროკავშირის კარი ღია რჩება საქართველოსთვის და ევროკავშირი კვლავაც მზად არის მხარი დაუჭიროს ხალხთაშორის კონტაქტებს, მათ შორის მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდების დახმარების გზით.
ამავდროულად, ევროკავშირი აქტიურად ეწინააღმდეგება დეზინფორმაციულ ნარატივებს, რომლებსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მაღალჩინოსნები ავრცელებენ, და ამავე დროს კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ.
ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის გზას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს შეცვალოს თავისი ამჟამინდელი კურსი", - ნათქვამია წერილში.
