"ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობების გადატვირთვაზე.
"შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვისა და კონკრეტულ გზამკვლევზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან განახლებისთვის.
აღინიშნა, რომ მისასალმებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერესი საქართველოსადმი, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდის კონტაქტების ინტენსივობაც.
ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორის როლს რეგიონში. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, მომავალშიც შეუწყოს ხელი რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ მიმართულ ძალისხმევას.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
