logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: თვაისუფლების ფესვი

25 მაი 202622:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/25/2w6vhte0ihzucwq.jpg

ბრძენს კითხეს ჰკითხეს: რა განსხვავებაა ყვავილის მოწონებასა და სიყვარულს შორის?

თუ ყვავილი მოგწონს - უპასუხა მან - შეგიძლია მიუახლოვდე, სურნელი იგრძნო, მისი სილამაზით ისიამოვნო, მოწყვიტო კიდეც და გზა გააგრძელო. თუ ყვავილი გიყვარს, მას ყოველდღე რწყავ, უვლი, იცავ, ზრუნავ, რომ არ გახმეს.

ქვეყნის დამოუკიდებლობასა და მის მოწონება/სარგებელთან კავშირიც დაახლოებით ასეთია.

შეიძლება მოგწონდეს 26 მაისი - დროშებით, მუსიკით, ფორმით, ოფიციალური სიტყვებით, საზეიმო სცენით. შეიძლება წელიწადში ერთხელ, ამ დღეს ლამაზი ფრაზებით მიეფერო, ფეისბუქზე ჩარჩოც დაიყენო - "მადლობა თავისუფლებისთვის" და მერე ისევ ჩვეულებრივად დაუბრუნდე იმ ქვეყნის ცხოვრებას, რომელსაც ყოველდღე აცლიან თავისუფლების სულს.

ასე ხდება იმიტომ, რომ სიყვარული მხოლოდ ემოცია და მომენტში განცდილი აღფრთოვანება კი არა, პასუხისმგებლობაა.

თუ თავისუფლება მართლა გიყვარს, მას წელიწადში ერთხელ კი არ ულოცავ — ყოველდღე იცავ.

იცავ მაშინ, როცა ქვეყანას ნელ-ნელა და ბოლო 2 წელია - ჩქარ-ჩქარა რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე მიათრევენ. იცავ მაშინ, როცა დემოკრატიას შიგნავენ და მის ფასადს ტოვებენ. იცავ მაშინ, როცა სუვერენიტეტს დამოუკიდებლობის სახელით გართმევენ. იცავ და არ ეგუები მაშინაც, როცა შენს ეროვნულ იდენტობას, შენს კულტურულ კოდს - იმას, რასაც ქართველობას ეძახი და რითაც საუკუნეების განმავლობაში თავი მოგქონდა — ნაბიჯ-ნაბიჯ გაცლიან და გიცვლიან; როცა სკოლაში კლასიკოსებისმიერ აღწერილი ისტორიული მაგალითებისა და ოჯახში ჩამოყალიბებული წარმოდგენებისგან ნასწავლ სამშობლოს სიყვარულს, პატიოსნებას, სამართლიანობას, ქალისა და ბავშვის პატივისცემას, ზრდილობასა და სტუმარ-მასპინძლობას თავდაყირა გიყენებენ და ქართველობის ნაცვლად უფესვო, შეშინებული და ყველაფერზე წამსვლელი ადამიანის ბუტაფორიას ქმნიან.

ხვალ 26 მაისია - ეროვნული დღესასწაული ქვეყნისა, რომელმაც სამხრეთ კავკასიაში პირველმა თქვა: მე ვარ დამოუკიდებელი სახელმწიფო.

და ზუსტად ამ დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანი თბილისში კი არა - ერევანში ჩადის - ქვეყანაში, რომელიც დასავლეთისკენ და ნამდვილი თავისუფლებისკენ თამამამ ნაბიჯებს ახლა დგამს.

საქართველო კი ამ დამოუკიდებლობის დღეს მარტო ხვდება. დარჩა სცენა, სიმბოლოები, ოფიციალური სიტყვები, მაგრამ ნელ-ნელა გაქრა ის პოლიტიკური და ღირებულებითი შინაარსი, რაც ამ თარიღს ნამდვილ მნიშვნელობას აძლევს. ევროპელი და ამერიკელი ლიდერების გარეშე. დასავლელი ელჩებისგან დაცლილი ტრიბუნებით. ევროკავშირის დროშის გარეშე. დასავლური სამხედრო პარტნიორობის ნიშნების გარეშე. მიმდინარე ოკუპაციის განცდის გარეშე. იმ მეხსიერების გარეშე, რომელსაც ზვიადი, მერაბი, მანამდე ამბროსი ხელაია და პირველი რესპუბლიკის ლიდერები და გმირები ქმნიდნენ.

ხვალ გარეთ უნდა გავიდეთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ 26 მაისის აღნიშვნა მოგწონს, არამედ იმიტომ რომ ეს ქვეყანა გვიყვარს.იმიტომ, რომ არ გვინდა სახელმწიფო, რომელსაც დამოუკიდებლობის ფორმა შერჩება და შინაარსი გამოეცლება. ყვავილს, რომელსაც არ რწყავენ, ჯერ ფერი ეკარგება. მერე - სურნელი. ბოლოს კი ფესვიც უხმება.

საქართველოს ფესვი თავისუფლებაა. და თუ ამ ფესვს დღეს არ მოვუარეთ, ჩვენი ენერგიით და ერთგულებით არ მოვრწყეთ, ხვალ მართლაც მხოლოდ დეკორაცია დაგვრჩება - დროშიანი ქვეყანა თავისუფლების გარეშე.


close დახურვა