logo
ENG



ოპოზიციურ ალიანსს პარლამენტთან სცენის დადგმაზე უარი უთხრეს

26 მაი 202615:47
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/26/21x6w5f415a85aa.jpg

ოპოზიციურ ალიანსს პარლამენტთან სცენის დადგმასთან დაკავშირებით უარი უთხრეს.

ჟურნალისტებთან თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა გოგა მემანიშვილმა თქვა, რომ ოპოზიცია განცხადების ვადაში ვერ ჩაეტია, რის გამოც, ადგილზე ტექნიკის შეტანაზე და სცენის განთავსებაზე უარს ეუბნებიან.

კერძოდ, მისი თქმით, ოპოზიციის მიერ პირველად შეტანილი განცხადება "დახარვეზდა", შემდგომი დაკორექტირებული განცხადების განხილვის ვადა კი ჯერ არ გასულა, რის გამოც, ვადაში ვერ ჩაეტივნენ.

"რამდენიმე დღის წინ შემოიტანეს განცხადება, დახარვეზდა ეს განცხადება, პასუხი ეცნობათ, დააკორექტირეს ეს განცხადება და ხელახლა შემოიტანეს. შემოიტანეს გუშინ და დღეს არის აქცია. 5-დღიანი განხილვის ვადა აქვს და შესაბამისად, ჯერჯერობით ვადაში ვერ ჩაეტია. მათთვის ცნობილი იყო, რომ [ვადაში ვერ ჩაეტეოდნენ]. წეღან რასაც საუბრობდნენ, თუ 2 თვით ადრე დააანონსეს აქცია, შეეძლოთ... გუშინ შემოვიდა, დღეს აქციაა. არა, რა თქმა უნდა, ტექნიკის შემოტანის უფლებას არ ვაძლევთ. ჩვენ კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ და დანარჩენს დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ვადაში ვერ ეტევიან და უარს ვაცხადებთ", - თქვა გოგა მემანიშვილმა.

ცოტა ხნის წინ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ Facebook-ზე დაწერა, რომ "პოლიციამ წაართვა მანქანა ტექნიკით".

"მანქანა ტექნიკით წაგვართვა პოლიციამ! მიდით, მიაწექით ქოცებო! ახლა სხვა მანქანებსაც გამოეკიდეთ და ირბინეთ ასე წინ და უკან, უთავმოყვარეო ბანდიტებო! მაინც გავიგონებთ ერთმანეთის ხმას, არ იდარდოთ! მთავარია ბევრნი ვიყოთ! 7ზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და იქედან მსვლელობით რუსთაველზე!", - დაწერა მან. 

ოპოზიციის ალიანსი თბილისში დაგეგმილი საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადება, რომელიც თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან 19:00 საათზე დაიწყება. საბოლოო დანიშნულების წერტილი რუსთაველია - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.

ცოტა ხნის წინ პარლამენტთან კომენტარი გააკეთა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ და თქვა, რომ მათ საღამოს ადგილზე "არაფერი არ იქნება გარდა სცენისა და მიტინგისა".


close დახურვა