ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯონ უოლტერსი გიორგი კანდელაკის შესახებ ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
კერძოდ, დღეს სამთავრობო მედიის ჟურნალისტმა ქართული ოცნების პრემიერს ჰადსონის ინსტიტუტის კვლევასა და The Washington Post-ის სტატიაზე კითხვა დაუსვა, შემდეგნაირი ფორმულირებით: "გიორგი კანდელაკის ე.წ კვლევაზე ამჯერად Washington Post-მა დაწერა ანტიქართული სტატია და ქვეყანას აბრალებს ტერორისტების მომზადების ცენტრის ფუნქციონირებას, თქვენი აზრით, კიდევ რამდენი დასპონსორებული მედია გამოაქვეყნებს კანდელაკის ამ ე.წ კვლევას და როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თუ არა რაიმე სამართლებრივი რეაგირება მსგავს პროვოკაციულ სტატიებზე".
კითხვაზე პასუხის დროს ირაკლი კობახიძემ გიორგი კანდელაკთან მიმართებით თქვა, რომ "შეიძლება, სამართლებრივი რეაგირებაც არ იყოს ურიგო".
ამ განცხადებას X-ზე გამოეხმაურა ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯონ უოლტერსი და თქვა, რომ ამ კვლევის უკან დგას. მან მიმართა ირაკლი კობახიძეს, სიტყვებით: "თქვენ ქართული ოცნებების გამანადგურებელი ხართ".
"პატივცემულო ბატონო კობახიძე - ამ ანგარიშის გამომცემელი ჰადსონის ინსტიტუტია. როგორც ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი ამ კვლევისა და დასკვნების უკან ვდგავარ. ფაქტები მუქარით არ იცვლება. თქვენ არ ხართ ქართული ოცნება - თქვენ ქართული ოცნებების გამანადგურებელი ხართ", - წერს ის X-ზე.
***
The Washington Post-ი აქვეყნებს სტატიას „აშშ-ის ყოფილი მოკავშირე ირანის ორბიტაზე გადადის", რომელიც ეხება საქართველოს და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. სტატიის ქვესათაურია: "საქართველოს სულ უფრო ავტორიტარული მთავრობა საფრთხეს უქმნის ტრამპის კავკასიურ სტრატეგიას"
The Washington Post საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გეოპოლიტიკურ ჭრილში განიხილავს. გამოცემის შეფასებით, ქვეყანა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე საიმედო დასაყრდენად მიიჩნეოდა, მკვეთრად იცვლის კურსს.
სტატიის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ თბილისის ამჟამინდელი პოლიტიკა პირდაპირ აზიანებს დასავლეთის ინტერესებს და რეგიონში ამერიკის გავლენებს ასუსტებს.
„საქართველოს სულ უფრო ავტორიტარული მთავრობა საფრთხეს უქმნის ტრამპის კავკასიურ სტრატეგიას,“ — ნათქვამია სტატიის ქვესათაურში.
გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს მმართველი გუნდის რიტორიკა და მიღებული კანონმდებლობა სცილდება უბრალოდ „ნეიტრალიტეტს“ და ქვეყანას დასავლეთის მოწინააღმდეგე ბანაკისკენ — კერძოდ, ირანისა და რუსეთის გავლენის სფეროებისკენ მიაქანებს.
ანალიტიკოსების აზრით, თბილისის მხრიდან დასავლური ინსტიტუტების კრიტიკა, დემოკრატიული უკუსვლა და პარალელურად, ანტიდასავლურ აქტორებთან ეკონომიკური თუ პოლიტიკური კავშირების გაღრმავება, ვაშინგტონისთვის საგანგაშო სიგნალია. სტატიაში აღნიშნულია, რომ კავკასიის რეგიონში გავლენების ამგვარი გადანაწილება საფრთხეს უქმნის შავი ზღვისა და კასპიის აუზის უსაფრთხოების არქიტექტურას, რომლის შენარჩუნებასაც აშშ წლებია ცდილობს.
The Washington Post-ი ასკვნის, რომ თეთრ სახლს მოუწევს საკუთარი სტრატეგიის გადახედვა კავკასიაში, რადგან რეგიონში დემოკრატიული შუქურის სტატუსის მქონე ყოფილი პარტნიორი სულ უფრო მეტად უახლოვდება იმ რეჟიმებს, რომელთა შეკავებასაც ვაშინგტონი ცდილობს.
