logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: კანონიერი ძალა - და არა ძალადობა

29 მაი 202622:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/29/u2mwo3g0265gfnf.jpg

სახელმწიფოს აქვს ძალის გამოყენების უფლება. მაგრამ ეს უფლება მას საზოგადოებამ მისცა კანონის დასაცავად და არა ადამიანის დასამცირებლად; მოქალაქის უსაფრთხოებისთვის და არა მის დასასჯელად; წესრიგისთვის და არა შიშის დასათესად.

გორში მომხდარმა სწორედ ეს ზღვარი დაგვანახა. უდანაშაულო მოქალაქეების სასტიკი ცემა რომ შემთხვევით არ გადაგვეღო, ამ დღეებში ალბათ კიდევ ერთ ოფიციალურ ტყუილს მოვისმენდით - თითქოს არაფერი მომხდარა, ან თავად მოქალაქეები იყვნენ დამნაშავეები. მაგრამ კადრებმა ტყუილს გზა მოუჭრა. ხელისუფლება იძულებული გახდა დაეკავებინა რამდენიმე პოლიციელი და ახლა ცდილობს ეს ამბავი სისტემის პასუხისმგებლობად კი არა, ცალკეული პოლიციელების გადაცდომად გაასაღოს.

ამაშია თვალთმაქცობის არსი. როცა ფაქტი ვიდეოზე ჩანს - სჯიან. როცა ასობით ადამიანი ჰყვება იმავე მეთოდებზე, იმავე სისასტიკეზე, იმავე დამცირებაზე - სისტემას იცავენ. როცა მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკურ ლიდერებს სცემენ, წამლავენ, აშინებენ, აწამებენ და შემდეგ ამ ყველაფერს სათანადოდ არ იძიებენ, ეს არც გადაცდომაა და არც შემთხვევითობა - ეს არის მმართველობის მეთოდი.
განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც რეჟიმის პროპაგანდა მსხვერპლის ოჯახის წევრების შიშს იყენებს მსხვერპლის წინააღმდეგ და დამნაშავე პირების ბრალეულობის შესამსუბუქებლად. ადამიანი, რომლის ახლობელი ნაცემია, დამცირებულია და კვლავ სისტემის წინაშეა დაუცველი, შეიძლება ცდილობდეს, თავი და ოჯახი გადაარჩინოს. ეს არა სოლიდარობის ნაკლებობაზე, არამედ იმ გარემოზე მეტყველებს, სადაც ადამიანებს სიმართლეც საფრთხედ ექცევათ.

წლების წინ, როცა ჟურნალისტური გამოძიებებით პოლიციისა და სახელმწიფო სტრუქტურების ძალადობის ფაქტებს ვამხელდით, ეს მასალები ადამიანის უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი ხდებოდა. მაშინაც ვამბობდით და დღესაც იგივე უნდა ვთქვათ: დემოკრატიულ სახელმწიფოში მედია, საზოგადოება, სახალხო დამცველი, სასამართლო და სამოქალაქო კონტროლი პოლიციის მტრები არ არიან. ისინი ის მექანიზმებია, რომლებიც პოლიციას იცავენ ყველაზე საშიში ცდუნებისგან - ძალის გამოყენების კანონიერი უფლება ძალადობად არ გადააქციოს.

დღეს ეს მექანიზმები მიზანმიმართულად ინგრევა. ვინც უნდა აკონტროლებდეს ძალას, მას „აგენტს“ ეძახიან. ვინც მსხვერპლს იცავს, მას „მოღალატედ“ აცხადებენ. ვინც დამნაშავე პოლიციელის დასჯას ითხოვს, მას სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას აბრალებენ. სინამდვილეში სახელმწიფოს სწორედ ის ანგრევს, ვინც მოქალაქეს არწმუნებს, რომ პოლიციელი შეიძლება ხვალ მასაც გაუსწორდეს და პასუხს მაინც არ აგებს.

ეს საფრთხე მხოლოდ ოპოზიციას, ჟურნალისტს ან აქციის მონაწილეს არ ეხება. პოლიციური სახელმწიფოს ჭაობში საბოლოოდ ყველა მოქალაქე იძირება - ისიც, ვინც დღეს სისტემური დანაშაულის გამამართლებელ არგუმენტებს ეძებს, ისიც, ვინც დუმს; ისიც, ვისაც ჰგონია, რომ ეს ძალადობა სხვებისთვის არის განკუთვნილი.

გორის სისასტიკე მხოლოდ ერთი კაცის ტკივილი არ არის. ეს კიდევ ერთი გაფრთხილებაა ყველასთვის: თუ კანონიერი ძალის და ძალადობის ზღვარს ახლა არ დავიცავთ, ხვალ ეს ზღვარი აღარ იარსებებს. და იქ, სადაც პოლიცია მოქალაქის საფრთხედ იქცევა, სახელმწიფო უკვე აღარ იცავს ადამიანს - ადამიანი იწყებს თავის დაცვას მოძალადე სახელმწიფოსგან.


close დახურვა