logo
ENG



პროკურატურამ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა

31 მაი 202614:56
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/31/zhwllzzx0o1kpdl.png

საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ოფიციალური ბრალდება წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ წარმოებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეები, ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების ინტერესების შესაბამისად მოქმედებდნენ და მათ სხვადასხვა სახის ინფორმაციას აწვდიდნენ, რაც საქართველოს ინტერესებს აზიანებდა.

გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთი ბრალდებული მიღებული თანხის ნაწილს იმ პირებსაც ურიცხავდა, რომლებიც სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებაში მონაწილეობდნენ.

ორივე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს და 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით განსაზღვრულ ვადაში მიმართავს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი პირის დაკავების შესახებ 30 მაისს გაავრცელა ინფორმაცია. თავდაპირველად უწყებას მათი ვინაობა და ის ქვეყნები არ დაუსახელებია, რომელთა ინტერესებისთვისაც, გამოძიების მტკიცებით, ისინი მუშაობდნენ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული გულბაათ რცხილაძეა. სუს-ის ინფორმაციით, იგი ერთდროულად ორ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობდა და პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდა.

მეორე ბრალდებული ირაკლი ჩიხლაძეა. გამოძიების თანახმად, იგი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით მოქმედებდა, ხელმძღვანელობდა სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მასში ჩართული პირების საქმიანობას და უზრუნველყოფდა მოპოვებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას.


close დახურვა