logo
ENG



ადვოკატი: გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა

01 ივნ 202612:46
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/01/1jnkg98a8dmd9pt.png

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ირანში წასვლას გეგმავდა იქ მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად. 

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთი ქვეყანა, რომლის ჯაშუშობის ბრალდებითაც სუს-მა რცხილაძე დააკავა შესაძლოა ირანი იყოს. მისი თქმით რცხილაძე ბრალს არ აღიარებს და  დაკავებას "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს შექმნას" უკავშირებს.

"გარკვეული ვიდეო-მასალები დევს, უბრალოდ, დეტალურად ვერ გეტყვით რა მასალები დევს და რა შინაარსის ვიდეომასალებია იქ.

თვითონ, დაკავებას პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს, უკავშირებს იმ ფაქტს რომ "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა.

[ირანში] წასვლას აპირებდა, უბრალოდ ბოლო მომენტში გადაიფიქრა, ოჯახური მდგომარეობის გამო. შესაძლოა, ერთ-ერთი იყოს ირანი, შეიძლება არ იყოს. [ირანში] ჩვეულებრივად სიუჟეტი უნდა გაეკეთებიდათ, მედიაკავშირმა "ობიექტივმა" ჯგუფი გამოყო, ერთ-ერთი ბატონი გულბაათი იყო, ასევე ერთი ოპერატორი და ერთი ჟურნალისტი კიდევ. მათ ირანში მიმდინარე პროცესები უნდა გაეშუქებინათ", - თქვა ადვოკატმა.

ცნობისთვის, გულბაათ რცხილაძეს ჯაშუშობისთვის ბრალი 31 მაისს წარუდგინეს. მანამდე, 30 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.

გულბაათ რცხილაძე "ევრაზიული ინსტიტუტის" დამფუძნებელია, რომელიც საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამტარი ორგანიზაციაა. 25 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რცხილაძის ინიციატივით საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოც" შეიქმნა. უცნობია, მისი დაკავების შემდეგ, დაიწყებს თუ არა საბჭო მუშაობას.

 


close დახურვა