"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნილია რომ საქართველო დაჩქარებული ავტოკრატიზაციის ფონზე კიდევ უფრო მეტი წუხილით ხვდება 1 ივნისს, ქვეყანაში ბავშვთა სოციალური მდგომარეობის, ჯანმრთელობის, კეთილდღეობის და უფლებრივი მდგომარეობის გამო.
"დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მათი შვილებისთვის სათანადო მედიკამენტს და მკურნალობას ისევ ქუჩიდან ითხოვენ, ხოლო ხელისუფლებასთან დაახლოებული საინფორმაციო სააგენტოები ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად წამოწყებულ კამპანიას დისკრედიტაციის კოორდინირებული კამპანიით პასუხობენ. აქტიური პროტესტის დაწყებამდე, ბავშვების ოჯახების მხრიდან ჯანდაცვის მინისტრთან მუშაობა თითქმის 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, ამ პროცესს საჭირო მედიკამენტების დაფინანსების შედეგი არ მოჰყოლია. პირიქით, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოთხოვნილი მედიკამენტები მხოლოდ ეტლის საჭიროებას ავადებს და პრეპარატების შემოტანაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის, სახელმწიფო კონკრეტულ მტკიცებულებებს დაელოდება.
საქართველოში ბავშვების დაახლოებით მესამედი საარსებო შემწეობის მიმღებია და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. UNICEF-ისა და საქსტატის კვლევის მიხედვით, ბავშვების 37.8%-ს სამი ან მეტი მატერიალური დანაკლისი აქვს; 21.3%-ს თბილ სახლზე ხელი არ მიუწვდება, 15.2%-ს ფეხსაცმლის, 14.3%-ს ახალი ტანსაცმლის დანაკლისი აქვს; 12%-ს კი საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდება ფინანსური მიზეზების გამო. მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი სასკოლო საათებში არასდროს იკვებება.
ამ ფონზე, საგანგაშოა, რომ ხელისუფლებამ გაუქმა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მასობრივი გადამოწმების პროცესი წამოიწყო, რაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების, მათ შორის, ბავშვების უფლებების დარღვევის, მათ მიმართ თვითნებური მოპყრობისა და მინიმალური მხარდაჭერის გარეშე დატოვების რისკებს ქმნის.
ბავშვების სოციალური და სამედიცინო საჭიროებების უგულებელყოფის პარალელურად, ცინიკურია, რომ ხელისუფლება აგრძელებს დემოგრაფიულ პრობლემებზე საუბარს; პრემიერის განცხადებით, საჭიროა, “საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და ზოგადად, ისეთი ცნობიერების ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს დემოგრაფიული პროცესების დადებითი მიმართულებით განვითარებას.” ამასობაში, ხელისუფლება სათანადოდ ვერ პასუხობს ბავშვების, დედებისა და ზოგადად სოციალურ და სამედიცინო საჭიროებებს, რის გამოც უამრავი ადამიანი საქართველოს ტოვებს, რათა საზღვარგარეთ მძიმე შრომის ფასად შეძლოს საქართველოში დარჩენილი ოჯახების და შვილების მხარდაჭერა. მიგრანტების და განსაკუთრებით, ქალი ემიგრანტების ისტორიები მიუთითებს ხანგრძლივი მიგრაციის სოციალურ საფრთხეებზე, როგორიცაა ზრუნვის დეფიციტი, ოჯახის სტრუქტურის რღვევა, მცირეწლოვანი შვილების მშობლების გარეშე აღზრდის უარყოფითი შედეგები, თავად ემიგრანტის ფსიქო-ემოციური პრობლემები, რასაც ემატება არალეგალურ ემიგრაციაში ყოფნის სირთულეებიც.
საქართველოში კვლავ მძიმე გამოწვევაა ბავშვთა მიმართ ძალადობა. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს ჯამში ბავშვთა მიმართ სხვადასხვა ფორმით ძალადობის 1560 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, ფიზიკური ძალადობის - 329, ფსიქოლოგიური ძალადობის 594, უგულებელყოფის 381, სექსუალური ძალადობის - 170 შემთხვევა. ამასთან, 2025 წელს ოჯახში ძალადობის საფუძვლით 533 ბავშვი იქნა დაზარალებულად ცნობილი, ხოლო, 219 განცალკევდა ბიოლოგიური ოჯახისგან. თუმცა ითქვას, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოში მოქმედი სტატისტიკა სათანადოდ დამუშავებული არ არის და ის შეიძლება არც ასახავდეს რეალობას. ამასთან ქვეყანას არ გააჩნია ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის მარეგულირებელი სათანადო ეროვნული სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც გაამკაცრებს მიდგომებს მსგავსი დანაშაულების მიმართ და უკეთ დაიცავს ბავშვების ინტერესებს. უნდა ითქვას, რომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ყველაზე დიდი წილი 11-15 წლამდე გოგონებზე მოდის და ხშირად ის გაუპატიურებისა და სხვა სექსუალური ძალადობის უმძიმეს ფორმებს ატარებს. პრობლემურია საგანმანათლებლო სივრცეში ბავშვების მიმართ და ბავშვთა შორის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური დასჯის შემთხვევების სათანადოდ გამოვლენა და რეაგირება, სადაც სათანადოდ იქნება დაცული ბავშვთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის მიდგომები.
მიმდინარე წელსაც შემაშფოთებელი იყო არასრულწლოვანებისა და ახალგაზრდების ავტოსაგზაო შემთხვევების გამო დაღუპვის შემთხვევები, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ადამიანური უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას. 2010 წლიდან 2026 წლამდე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 8000 ადამიანზე მეტია დაღუპული. ყოველწლიურად ქვეყანაში საშუალოდ 500-ზე მეტი ადამიანი იღუპება, რაც კატასტროფული მონაცემია და ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ იგივე მონაცემებს 3-ჯერ აღემატება. არასრულწლოვნებისა და ახალგაზრდების გარდაცვალების უმძიმესი და განმეორებადი შემთხვევები ბოლო თვეებში დაფიქსირდა ქვემო ქართლის რეგიონში.
წლევანდელ წელსაც ადრეულ და სკოლამდელ განათლებაზე თანაბარი მისაწვდომობა კვლავ გამოწვევად რჩებოდა, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მცირეწლოვნებისთვის თითქმის 3-ჯერ ნაკლებად არის ხელმისაწვდომი ბაღების ინფრასტრუქტურა, რაც მათი განათლებისა და განვითარების შესაძლებლობებზე მძიმე გავლენას ახდენს. ასევე ეს მძიმედ აისახება ქალების უფლებრივ მდგომარეობაზე. ამავდროულად, ათობით სკოლის მოსწავლე ისევ სკოლის გარეშეა დარჩენილი. რეაბილიტაციის გაჭიანურებული პროცესის გამო ბავშვებს სხვა სკოლებში უწევთ სიარული, რაც ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის უამრავ სირთულეს უკავშირდება. პარალელურად, ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრსა და მინისტრებს ბავშვები არა საჯარო სკოლებში, არამედ ძვირადღირებულ კერძო სკოლებში დაჰყავთ და ამისთვის ყოველწლიურად ათასობით ლარს ხარჯავენ.
ხელისუფლებამ მიმდინარე წელს დააანონსა განათლების რეფორმა, რომელიც შეეხება როგორც საშუალო, ისე უმაღლესი განათლების საფეხურებს. სასკოლო განათლებაში დაგეგმილი ცვლილებების ფონზე, ფონზე აშკარაა, რომ ქართული ოცნება ზოგადი განათლების სერიოზული გამოწვევების გადაჭრის ნაცვლად, მოსწავლეების დისციპლინირებასა და ინდოქტრინაციის გეგმებზე მუშაობს. სკოლები, რომლებიც ყველაზე უფრო უსაფრთხო და ნეიტრალური სივრცეები უნდა იყოს, სადაც მშობლები შვილებს განათლების მისაღებად და საბაზისო სოციალური უნარების გასავითარებლად უშვებენ, “ქართული ოცნებისთვის” იდეოლოგიური ინდოქტრინაციის პირველ საფეხურად მოიაზრება.
ამასთან გასული წლის დეკემბერში ქართულმა ოცნებამ მიიღო კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების სერიოზულ რისკებს შეიცავს. „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიმართ სპეციალური ღონისძიებების შემუშავებას ითვალისწინებს. სხვა საკითხებთან ერთად, კანონპროექტი ითვალისწინებს ბავშვების განთავსებას სპეციალიზებულ დაწესებულებაში.
ამდენად, საქართველოში ოჯახების სოციალური დაცვის შესუსტება, განათლების სისტემაში კონტროლისა და ინდოქტრინაციის ტენდენციების გაძლიერება, ჯანდაცვის საჭიროებების უგულებელყოფა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი პოლიტიკის არარსებობა მნიშვნელოვნად ამცირებს ბავშვების სოციალური მობილობის შესაძლებლობებს. შედეგად, ათასობით ბავშვისთვის სიღარიბის დაძლევა, ხარისხიან განათლებაზე, ჯანდაცვასა და ღირსეულ ცხოვრებაზე წვდომა სულ უფრო რთული ხდება, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს არსებულ უთანასწორობას განმტკიცებას და ზღუდავს მომავალი თაობების შესაძლებლობებს", - ნათქვამია განცხადებაში.
