"ინტერპრესნიუსი" ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინსტროს ინფორმაციას, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩისგან რწმუნებათა სიგელი არ ჩაუბარებიათ.
საგარეოს თქმით, ქართულ მხარეს ოფიციალური განმარტება გერმანული მხარისგან ამ დრომდე არ მიუღია.
"საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ალექსანდრე კარტოზია 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს დაინიშნა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან 2025 წლის 10 სექტემბერს გაცემული აგრემანის საფუძველზე.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რწმუნებათა სიგელები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის ამ დრომდე არ გადაუცია, თუმცა რწმუნებათა სიგელების ასლები გერმანიის ფედერალურ საგარეო უწყებას 2025 წლის 17 დეკემბერს ჩაბარდა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე გერმანიის პრეზიდენტმა ლიბანის, ბაჰრეინის, ეკვადორის, განას, კანადის, ნიგერიის, ინდონეზიის, კომორის კუნძულების კავშირის, ფილიპინების, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, მონღოლეთის ახლად დანიშნული ელჩებისგან მიიღო რწმუნებათა სიგელები.
ქართულ მხარეს ოფიციალური განმარტება გერმანული მხარისგან არ მიუღია. გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე არ განახლებულა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ, მიუხედავად ქართული მხარის მიერ არაერთგზის განხორციელებული ოფიციალური შეტყობინებისა. ქართული მხარისთვის სრულიად გაუგებარია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების არათანმიმდევრული მიდგომები ქართულ სახელმწიფოსთან",- თქვეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, ყაველაშვილმა ალექსანდრე კარტოზია გერმანიაში საქართველოს ელჩის პოსტზე 2025 წლის სექტემბერში დანიშნა.
