უკრაინის პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართავს. შესაბამისი წერილი გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე.
წერილში ის აღნიშნავს, რომ უკრაინა ომის წინადადებით გამოდის და ვლადიმერ პუტინს შეხვედრას სთავაზობს.
"საკმარისია ომი. უკრაინას ამ ომის დასრულების შეთავაზებით გამოდის. ეს უნდა გავაკეთოთ გულწრფელად, ღირსეულად და უზრუნველვყოთ, რომ ახალი ომი არ დაიწყება", - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ამასთან, წერილში ის შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ როგორც უკრაინის პრეზიდენტს - რუსეთში, ისევე რუსეთის პრეზიდენტს - კიევში არაფერი ესაქმება და მიუთითებს, რომ არსებობენ ქვეყნები, როომლებიც მასნიპნძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების გადასაწყვეტად. ამ კონტექსტში ის შვეიცარიას, თურქეთსა და არაბული სამყაროს ქვეყნებს ასახელებს.
"გთავაზობთ შეხვედრას. ყველამ მოისმინა, როგორ ამბობდნენ თქვენი წარმომადგენლები ღიმილით, რომ მე მოსკოვში შემეძლო ჩასვლა. მაგრამ 26 წლის შემდეგ უკრაინის ლიდერს თქვენს დედაქალაქში არაფერი ესაქმება, ისევე როგორც რუსეთის ლიდერს – კიევში. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების გადასაწყვეტად. შვეიცარია, თურქეთი, არაბული სამყაროს ქვეყნები - ბევრს შეუძლია და სურს ამ შეხვედრის მასპინძლობა. სწორედ ლიდერები წყვეტენ საკვანძო საკითხებს – ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც", - ნათქვამია წერილში.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინს შეხვედრის კონკრეტული თარიღის განსაზღვრას სთავაზობს. გარდა ამისა, აღნიშნავს, რომ შეხვედრაში აუცილებელია ევროპის ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობაც.
"გთავაზობთ, შეხვედრის კონკრეტული თარიღი განვსაზღვროთ. გავიგეთ, რომ ალასკაში დაგპირდნენ, თითქოს უკრაინასა და ევროპასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი გადაწყდებოდა. მაგრამ ხედავთ, რომ უკრაინული და ევროპული საკითხები ანკორიჯში არ წყდება. ჩვენს შორის დაწყებულ ორმხრივ ფორმატს სხვა მონაწილეებიც შეიძლება შეუერთდნენ. რადგან ომი ევროპაში მიმდინარეობს, ჩვენ კი უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება, თქვენ კი უსაფრთხოების გარანტიები თქვენთვის გსურთ, ლოგიკურია პროცესში იმათი ჩართვაც, ვისაც ნამდვილად შეუძლია გარანტორის როლის შესრულება. გვჯერა, რომ ევროპის მონაწილეობა აუცილებელია – იმ ქვეყნების, რომლებსაც ნამდვილად აქვთ სიტუაციაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. გვჯერა, რომ პროცესში უნდა იყოს შეერთებული შტატებიც და სწორედ ამან შეიძლება განსაზღვროს ჩვენი რეგიონის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის კონფიგურაცია", - აღნიშნულია წერილში.
ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე აღნიშნავს, რომ თუ პირადად ვლადიმერ პუტინი არ მივა აზრამდე, რომ ომის დასრულების დროა, უკრაინა საკუთარი არსებობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
"ჩვენ გვეყოლება ისინი, ვინც მხარს დაგვიჭერს. მაგრამ თქვენც გაცილებით უფრო მძიმედ მოგიწევთ ბრძოლა საკუთარი არსებობისთვის – არა რუსეთის, არამედ თქვენი პირადი არსებობისთვის. და ეს არც ჩემი და არც უკრაინის მუქარა არ არის. ეს ფაქტებია რუსეთის ისტორიიდან, რომლებიც თქვენ კარგად იცით: როდესაც რუსეთი იღლება, ცვლილებები ხდება. ჩვენ შეგვიძლია ასეთ დაღლილობაზე ვიმუშაოთ. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ომი შეაჩეროთ. მარადიული ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც ამ ომმა შეიწირა. დიდება უკრაინას!", - აღნიშნულია ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილში.
ღია წერილის თავშივე ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე მიუთითებს, რომ უკრაინას აქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტი ამ ომის 2027-28 წლამდე გაჭიანურებას გეგმავს.
