რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილს გამოეხმაურა და თქვა, რომ წერილი უხეშობის ელემენტებს შეიცავს. მისი თქმით, უკრაინის დარტყმები რუსეთს გარკვეულ ზიანს აყენებს.
პუტინმა აღნიშნა, რომ ზელენსკიმ მის პრეზიდენტად ყოფნის ხანგრძლივობაზე ისაუბრა და თქვა, რომ თანამდებობაზე ყოფნისას მთავარი არჩევნებში მონაწილეობა და კანონის ფარგლებში მოქმედებაა.
"წერილი, ნამდვილად შეიცავს უხეშობის ელემენტებს. რა არის ეს? ეს პირადი შეხვედრისთვის და მოლაპარაკებებისთვის პირობების შექმნის საშუალებაა თუ გარემოების შექმნაა, როდესაც რეალურად შეუძლებელია რაიმე პირადი შეხვედრების ჩატარება? ვფიქრობ, რომ ეს მეორეა.ჩვენ შეხვედრაში ჯერ აზრს ვერ ვხედავ, უკრაინული მხარის მიზანი ჩვენი შეტევის შეჩერებაა, ხოლო ჩვენ შეთანხმებები გვჭირდება...
[ზელენსკიმ] ყურადღება მიაქცია არჩევით თანამდებობებზე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რა თქმა უნდა, მაგრამ არჩევნებზე უნდა გახვიდე, არ უნდა გეშინოდეს და ყოველთვის, მთავარია კანონის ფარგლებში უნდა მოქმედებდე. ვინაიდან თუ ძალაუფლებას კონსტიტუციის ჩარჩოებს მიღმა ფლობ, ამას ძალაუფლების უზურპაცია ჰქვია, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. მან [ზელენსკიმ] ახსენა ჩემი ასაკიც. რა შეგვიძლია ვთქვათ? რა თქმა უნდა, ასაკზე ყველამ უნდა იფიქროს, მაგრამ ჩემს ასაკში ბევრი სხვა პოლიტიკოსიც ასრულებს თავის ფუნქციებს, და ზოგიერთი ჩემზე უფროსიც. მთავარი ასაკი არაა, მთავარი ქმედითუნარიანობა და შრომისუნარიანობაა
[უკრაინის] თავდასხმებს, რა თქმა უნდა, კარგი არაფერი მოაქვთ. მეტიც, ისინი გარკვეულ ზიანს გვაყენებენ. ჩვენთვის ეს ნიშნავს ჩვენი უსაფრთხოების, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის, საჰაერო თავდაცვის კიდევ გაძლიერებას და ამას გავაკეთებთ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართა. შესაბამისი წერილი გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე.
წერლში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის და ვლადიმერ პუტინს შეხვედრას სთავაზობს.
"საკმარისია ომი. უკრაინას ამ ომის დასრულების შეთავაზებით გამოდის. ეს უნდა გავაკეთოთ გულწრფელად, ღირსეულად და უზრუნველვყოთ, რომ ახალი ომი არ დაიწყება.
გთავაზობთ შეხვედრას. ყველამ მოისმინა, როგორ ამბობდნენ თქვენი წარმომადგენლები ღიმილით, რომ მე მოსკოვში შემეძლო ჩასვლა. მაგრამ 26 წლის შემდეგ უკრაინის ლიდერს თქვენს დედაქალაქში არაფერი ესაქმება, ისევე როგორც რუსეთის ლიდერს – კიევში. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების გადასაწყვეტად. შვეიცარია, თურქეთი, არაბული სამყაროს ქვეყნები - ბევრს შეუძლია და სურს ამ შეხვედრის მასპინძლობა. სწორედ ლიდერები წყვეტენ საკვანძო საკითხებს – ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც.
გთავაზობთ, შეხვედრის კონკრეტული თარიღი განვსაზღვროთ. გავიგეთ, რომ ალასკაში დაგპირდნენ, თითქოს უკრაინასა და ევროპასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი გადაწყდებოდა. მაგრამ ხედავთ, რომ უკრაინული და ევროპული საკითხები ანკორიჯში არ წყდება. ჩვენს შორის დაწყებულ ორმხრივ ფორმატს სხვა მონაწილეებიც შეიძლება შეუერთდნენ. რადგან ომი ევროპაში მიმდინარეობს, ჩვენ კი უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება, თქვენ კი უსაფრთხოების გარანტიები თქვენთვის გსურთ, ლოგიკურია პროცესში იმათი ჩართვაც, ვისაც ნამდვილად შეუძლია გარანტორის როლის შესრულება. გვჯერა, რომ ევროპის მონაწილეობა აუცილებელია – იმ ქვეყნების, რომლებსაც ნამდვილად აქვთ სიტუაციაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. გვჯერა, რომ პროცესში უნდა იყოს შეერთებული შტატებიც და სწორედ ამან შეიძლება განსაზღვროს ჩვენი რეგიონის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის კონფიგურაცია.
ჩვენ გვეყოლება ისინი, ვინც მხარს დაგვიჭერს. მაგრამ თქვენც გაცილებით უფრო მძიმედ მოგიწევთ ბრძოლა საკუთარი არსებობისთვის – არა რუსეთის, არამედ თქვენი პირადი არსებობისთვის. და ეს არც ჩემი და არც უკრაინის მუქარა არ არის. ეს ფაქტებია რუსეთის ისტორიიდან, რომლებიც თქვენ კარგად იცით: როდესაც რუსეთი იღლება, ცვლილებები ხდება. ჩვენ შეგვიძლია ასეთ დაღლილობაზე ვიმუშაოთ. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ომი შეაჩეროთ. მარადიული ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც ამ ომმა შეიწირა. დიდება უკრაინას!", - აღნიშნულია ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილში.
ღია წერილის თავშივე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუთითა, რომ უკრაინას აქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტი ამ ომის 2027-28 წლამდე გაჭიანურებას გეგმავს.
