ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში დიალოგის გასაახლებლად. ასევე მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო ფორმალური მიზეზი ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეჩერების, ვგულისხმობ, გამჭვირვალობის კანონს, – განაცხადა "ოცნების" საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგში ვიზიტისას.
სამხარაძის განცხადებით, საქართველო მზად არის დიალოგის ნებისმიერ ფორმატში გასაგრძელებლად.
„ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და კომიტეტის წევრებთან ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა იმ საკითხებზე, რომელიც ეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას, საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და ასევე, ეკონომიკური პროგრესს. ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებს კითხვები სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდათ. ჩვენ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ იმაზე, თუ რა ხდება, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში, რა როლს თამაშობს საქართველო მშვიდობის დამყარების პროცესში. რა გამოწვევები დგას სამხრეთ კავკასიაში, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო რუსული ოკუპაციიდან გამომდინარე, რა პრობლემატიკაა ჩვენსა და ევროკავშირს შორის. ასევე, ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. ასევე, ჩვენ დღეს შეხვედრა გვქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. აქაც ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს მხარდაჭერა, რომ საქართველოსთან დიალოგი განახლდეს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში დიალოგში გასაახლებლად. მზად ვართ ასევე კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო ფორმალური მიზეზი ევროკავშირისა და საქართველოს დიალოგის შეჩერების, ვგულისხმობ გამჭვირვალობის კანონს. ამ მხრივაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლუქსემბურგის მხარე საკმაოდ კონსტრუქციულად მოეკიდა ჩვენს პოზიციას და იმედი გვაქვს, რომ ლუქსემბურგი, როცა იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები, მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის განახლებას“, – განაცხადა სამხარაძემ.
