logo
ENG



ტაჯიკეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთან შეიქმნება მთავრობათაშორისი კომისია

19 ივნ 202618:44
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/19/wcidrg4vxt31b0k.png

ტაჯიკეთში დელეგაციასთან ერთად ვიზიტით მყოფი "ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ქვეყნის პრეზიდენტს ემომალი რაჰმონს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე კობახიძემ თქვა, რომ ეს ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს საქართველო-ტაჯიკეთის ორმხრივ ურთიერთობებს. 

ტაჯიკეთის პრეზიენტის ემომოლი რაჰმონის განცხადებით, შეთანხმდნენ ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ჩამოყალიბებაზე. ემომალი რაჰმონის თქმით, შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში კავშირების გაღრმავებას.

"მოხარული ვარ, რომ დღეს ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ხალხებს და ქვეყნებს აკავშირებს ისტორიულად ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობები, რომლებიც არის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული.

დღეს შედგა პირველი ვიზიტი უმაღლეს დონეზე საქართველოდან ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. შესაბამისად, ეს ვიზიტი თავისი შინაარსით შეიძლება შეფასდეს, როგორც ისტორიული. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს საქართველო-ტაჯიკეთის ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ ვართ ძალიან დაინტერესებულები ჩვენი ურთიერთობებისა და მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა როგორც ერთობლივ კომუნიკეს, ისე არაერთ ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო დღეს შევხვედროდი პრეზიდენტ რაჰმონს.

გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხზე. წელს, ტაჯიკეთის რესპუბლიკა აღნიშნავს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს. მინდა, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და გისურვოთ თქვენ და მეგობარ ტაჯიკ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და შემდგომი წარმატება.

აქვე ვისარგებლებ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას ტაჯიკეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ჩვენს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ დღეს განვიხილეთ თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის, განვიხილეთ საქართველო-ტაჯიკეთის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და გამოვთქვით მზადყოფნა, მომავალშიც გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა ამ მიმართულებით", - თქვა კობახიძემ. 

"დღეს შევთანხმდით ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ჩამოყალიბებაზე და ხელი მოეწერა შესაბამის დოკუმენტს. გვჯერა, რომ ამ კომისიის საქმიანობა მართლაც ყოვლისმომცველ დახმარებას უზრუნველყოფს ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით.

განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში კავშირების გაღრმავებას, რაც მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ჩვენი მეგობრობის გაძლიერებისთვის, ურთიერთგაგების ხელშესაწყობად ჩვენს ხალხებს შორის. მივესალმებით კავშირების გააქტიურებას ისეთ სექტორებში, როგორიც არის განათლება, მეცნიერება, კულტურა, ახალგაზრდული საქმეები და სპორტი. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პოეტისა და მწერლის, ქართული კლასიკური ლიტერატურის წარმომადგენლის, შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნაში. დუშანბეში იქნება ახალი ქუჩა, რომელსაც ეწოდება რუსთაველის სახელი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ გაძლიერდეს მეგობრული კავშირები ორ ქვეყანას შორის. საუბრისას ხაზი გავუსვით ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას, ასევე განვიხილეთ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა.

ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ კიდევ უფრო გავამდიდროთ ეკონომიკური ურთიერთობა ორმხრივი ნაბიჯებით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ვაჭრობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც წარმოადგენდა ჩვენი მოლაპარაკების ცენტრალურ საკითხს. ორივე ქვეყანას უდიდესი შესაძლებლობები გაგვაჩნია ამ მიმართულებით. ტაჯიკეთი ასევე დაინტერესებულია, რომ გააფართოოს თანამშრომლობა მწვანე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მრეწველობის კუთხით, ასევე ტექნოლოგიური და ინოვაციების საკითხებით, ამაში შედის ხელოვნური ინტელექტიც. ამ მიმართებით, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რომ დავიწყოთ თანამშრომლობა იმ სფეროებში, რაც ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს და ამისათვის ჩვენ პრაქტიკულ ზომებს მივიღებთ. მსუბუქი მრეწველობა, სურსათი, სამთო მეურნეობა, ასევე ფარმაცევტული სფეროები, სოფლის მეურნეობა გამოვლინდა, როგორც ინტერესის სფეროები. ჩვენ მხარს ვუჭერთ სატრანზიტო და სატრანსპორტო სექტორში კავშირების გაღრმავებას სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ჯანდაცვის მიმართულებითაც", - თქვა ემომალი რაჰმონმა.


close დახურვა