ბოლო პერიოდში ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური რუკა სულ უფრო ერთფეროვანი ხდება.
ჩინეთი, ირანი, ემირატები, უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, ახლა უკვე ტაჯიკეთი...
ერთი შეხედვით, ამაში უჩვეულო არაფერია. საქართველო ყოველთვის იყო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და აზიურ სახელმწიფოებთან ურთიერთობა არც ახალია და არც პრობლემური.
პრობლემა სხვა რამეშია.
პრობლემა ისაა, რომ პირველად თანამედროვე საქართველოს ისტორიაში აზია აღარ განიხილება, როგორც ევროპისკენ მიმავალი ხიდი. მას ევროპის ალტერნატივად გვისახავენ.
და ეს უკვე ჩვეულებრივი საგარეო პოლიტიკა აღარ არის. ეს ქვეყნის ისტორიული კურსის შეცვლის მცდელობაა.
კობახიძის აზიურ დედაქალაქებში ვიზიტებისას გაკეთებული განცხადებები, საუბარი საერთო ღირებულებებზე, პოლიტიკური და ისტორიული სიახლოვის ხაზგასმა, თითქოს ერთი დიდი სურათის ნაწილია.
იმ სურათის, სადაც დასავლეთი მტრადაა გამოცხადებული, ევროპა - საფრთხედ, ამერიკა - ყველა ბოროტების საწყისად, ხოლო აზიური ავტორიტარული სახელმწიფოები - ბუნებრივ პარტნიორებად.
ეს შემთხვევითი აღარ არის.
ეს უკვე სისტემური პოლიტიკაა.
შედეგიც სახეზეა.
ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ევროკავშირის წევრობის სახით გაგვიჩნდა ფაქტობრივად, არა მხოლოდ საბოტაჟირებული - უხეშად ტორპედირებულია.
იმ დროს, როდესაც მოლდოვა და უკრაინა მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადავიდნენ და დიდი ალბათობით, მალე, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გახდებიან, ამ პროცესის ლიდერი საქართველო, საკუთარ თავს ხელოვნურად აყენებს თამაშგარე მდგომარეობაში.
მოდით აქ დავსვათ კითხვა: - რამდენად ბუნებრივია ის, რაც დღეს ხდება?
საქართველოს მთელი ისტორია სწორედ ორ სამყაროს შორის ბალანსის შექმნის ისტორიაა, მაგრამ ამ ბალანსს ყოველთვის ერთი მიმართულება ჰქონდა.
ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ აღმოსავლური ცივილიზაციის ნაწილი.
დიახ, საუკუნეების განმავლობაში გვქონდა ურთულესი ურთიერთობა სპარსეთთან, არაბეთთან, ოსმალეთთან, სხვადასხვა აზიურ იმპერიებთან, მაგრამ ეს არასოდეს ყოფილა ჩვენი არჩევანი. ეს იყო გეოგრაფიის მოცემულობა და გადარჩენის აუცილებლობა.
ჩვენი წინაპრების მზერა და არჩევანი ყოველთვის დასავლეთისკენ იყო მიმართული.
არჩევანი იყო დასავლური კულტურული სამყარო, შემდეგ უკვე ქრისტიანული ცივილიზაცია.
არჩევანი იყო ევროპული სამართალი, ევროპული პოლიტიკური კულტურა და ევროპული სახელმწიფოებრიობა.
სწორედ ამიტომ, ფარსმან ქველი, მირიან მეფე, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე, სულხან-საბა ორბელიანი, ნოე ჟორდანია თუ ზვიად გამსახურდია სხვადასხვა ეპოქაში ერთსა და იმავე ამოცანაზე ზრუნავდნენ - როგორ გადარჩენილიყო საქართველო თავისუფალი სამყაროს ნაწილად.
აზიასთან ურთიერთობა ყოველთვის ინსტრუმენტი იყო და არა დანიშნულების ადგილი.
ამის კარგად გააზრებაა მნიშვნელოვანი.
არც შევარდნაძე, არც სააკაშვილი, არც სხვა ხელისუფლებები აზიურ მიმართულებას არასოდეს უგულებელყოფდნენ. პირიქით.
ვითარდებოდა ეკონომიკური, სატრანზიტო და სავაჭრო კავშირები.
მაგრამ ამ ურთიერთობების არსი ის იყო, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ევროპისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გამხდარიყო.
ჩვენი ,,აზიურობა“ ჩვენი ევროპულობის გასაძლიერებლად გამოიყენებოდა.
დღეს კი პირველად ხდება საპირისპირო.
ევროპისგან დაშორებას აზიასთან დაახლოებით გვიხსნიან.
ეს კი არა მხოლოდ სტრატეგიული, არამედ ცივილიზაციური შეცდომა და მეტიც - დანაშაულია.
იმიტომ, რომ თანამედროვე მსოფლიოში პატარა სახელმწიფოების უსაფრთხოებას არც გეოგრაფია იცავს, არც რიტორიკა და არც ნეიტრალიტეტის ილუზია.
მას იცავს ინსტიტუტები, ალიანსები, სამართალი და პროგნოზირებადი პარტნიორები.
ზუსტად ის, რასაც ევროპა და დასავლეთი გვთავაზობდა.
სამაგიეროდ, ავტორიტარული სამყაროს მთავარი პრინციპი სხვაა - ძალა ქმნის სამართალს.
პატარა ქვეყნები იქ ყოველთვის უფრო მოწყვლადები არიან, ვიდრე დაცულები.
ამიტომ საქმე მხოლოდ საგარეო პოლიტიკის ცვლილებას არ ეხება.
საქმე ეხება ისტორიული კოდის გადაწერის მცდელობას.
საქმე ეხება იმას, რომ საქართველოს ბუნებრივ ადგილს ხელოვნურად უცვლიან.
მაგრამ არსებობს ერთი კანონზომიერება, რომელსაც ვერანაირი პროპაგანდა ვერ შეცვლის.
არაბუნებრივი კონსტრუქციები დიდხანს ვერ ძლებს.
შეიძლება დროებით შეცვალო რიტორიკა, პარტნიორები, საგარეო ვიზიტების გრაფიკი და პოლიტიკური დეკორაციები.
მაგრამ ვერ შეცვლი ქვეყნის ისტორიულ მეხსიერებას, კულტურულ იდენტობას და იმ გზას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უკვე მრავალჯერ არჩეული აქვს.
საქართველო არც ევროპასა და აზიას შორის დაკარგული ტერიტორიაა და არც ვინმეს გეოპოლიტიკური ბუფერი.
საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, რომელსაც უნიკალური აზიური სიახლოვე აქვს და არა პირიქით.
და რაც უფრო სწრაფად დასრულდება ეს ხელოვნური "აზიისკენ მიტრიალება", მით ნაკლები იქნება ფასი, რომლის გადახდაც ქვეყანას საკუთარი ისტორიული ბუნების წინააღმდეგ წასვლისთვის მოუწევს.
