ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი მხეიძე დააკავეს.
"არ არის ის ეტაპი, ბრალის აღიარებაზე რომ ვისაუბროთ. ჩვენ არ განგვიხილავს ეს საკითხი. 4 საათი გვქონდა საქმის გასაცნობად და მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების საკითხით შემოიფარგლა ჩვენი კომუნიკაცია. 3 წელია გასული იმ ფაქტიდან, რომელზეც ედავებიან", - ამბობს ირაკლი მხეიძის ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე ფორმულასთან.
სასამართლო პროცესი გუშინ გვიან ღამით მიმდინარეობდა და საქმეზე დაკავებულ 16-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
გამოძიება ყოფილ მაღალჩინოსანს რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დანაშაულებრივი ჯგუფის მფარველობაში ედავება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2018-2025 წლებში მოქმედმა მასშტაბურმა სქემამ უკანონოდ 53 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.
საქმეზე ძებნა გამოცხადდა კიდევ სამ პირზე, მათ შორის ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრზე, მიხეილ ჩოხელზე.
