ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში, მოზარდის დაშავებას "ქართული ოცნების" მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.
"მიზანმიმართულად არ ვსაუბრობ ამ კონკრეტულ თემაზე, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. მე და თქვენ რომ მივიდეთ, ვერ დავაზიანებთ [კონსტრუქციას].
ეს ის თემაა, სადაც მნიშვნელოვანია საზოგადოება გაერთიანდეს. აქ არ არის ერთი შეხებით დაზიანება. ჩემი თხოვნაა, შეეშვათ მანიპულაციებს, სიცრუის გავრცელებას.
კონკრეტული ვანდალიზმის ფაქტი იყო, ასეთი ძალიან ბევრი ხდება. ვიდეოებს მიიღებთ. დღეში, ძალიან ბევრი ხდება ამ ტიპის ფაქტი. დარწმუნებული ვარ, თქვენ ტელევიზიებში ვერ იხილავენ ამ ფაქტებს. მხედველობაში მყავს „ტვ პირველი“ და „კეზერა ტვ“. საზოგადოებას არ მიაწვდით ინფორმაციას. თავისით არაფერი ზიანდება. გადავხედოთ, 2017 წლიდან რამდენი რეკრეაციული სივრცე გაკეთდა.
როდესაც დაზიანება ხდება, ამას მოჰყვება რეაგირება. მე რომ მიკროფონი გამოგართვათ და თავში ჩაგარტყათ, რომ გითხრათ, არაფერ შუაში ვარ, რადგან მიკროფონი მყარად არ გეჭირათ, იგივე შედარებას აკეთებთ. "ყველაფერი ჩემი ბრალია" ეს გინდათ, თქვენ. დამშვიდდით, "ყველაფერი ჩემი ბრალია".
ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, პასუხისმგებლობა დაეკისრება", - თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან.
ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ლოტკინის დასახლებაში არსებულ რეკრეაციულ სივრცეში ბავშვის დაშავების შესახებ გუშინ განცხადება გაავრცელა. გამგეობა აღნიშნავდა, რომ ატრაქციონი რამდენიმე მოზარდმა დააზიანა, წაქცეული კონსტრუქცია კი მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მოზარდს დაეცა.
მათივე ცნობით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მან მძიმე დაზიანებები მიიღო.
"გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ატრაქციონი დაზიანდა, რის გამოც სხეულის დაზიანებები ერთმა მოზარდმა მიიღო.
გამგეობის თანახმად, მყარი კონსტრუქცია სკვერში განთავსებული იყო ყველა სტანდარტის დაცვით, რაც გულისხმობს ე.წ. დაანკერებას და იგი არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს იქ მყოფთათვის.
თვითმხილველთა თქმით, ატრაქციონით სარგებლობდა რამდენიმე მოზარდი, რომლებმაც დააზიანეს კონსტრუქცია და წაქცეული ატრაქციონი მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მოზარდს დაეცა.
ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მან მიიღო მძიმე დაზიანებები. ნაძალადევის რაიონის გამგეობა მუდმივ კომუნიკაციაშია ოჯახთან და მათ გაეწიათ შესაბამისი დახმარება.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს ყველა სავარაუდო კითხვას.
მოვუწოდებთ ყველას, გაუფრთხილდნენ, როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობას, ნუ დააზიანებენ სკვერებსა და ბაღებში არსებულ ინფრასტრუქტურას, ნუ შეუქმნიან საფრთხეს გარშემომყოფებს", - ნათქვამი იყო გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
