logo
ENG



აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები: არ დავიღალოთ, არ გავჩუმდეთ, გელოდებით დღეს მარშზე

27 ივნ 202612:42
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/27/kyf1q64j2vvfjdk.png

აქციებზე დაკავებული პირების ოჯახის წევრები მოქალქეებს დღეს, 19:00 საათზე დაგეგმილ მარშზე მისვლისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, საზოგადოების თანადგომა მნიშვნელოვანია.  

"დღეს, აქ ვდგავართ არა მხოლოდ, როგორც სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები, არამედ როგორც ადამიანები, რომლებსაც გვჯერა სიმართლის, ღირსებისა და თავისუფლების. ჩვენი შვილები, ოჯახის წევრები და ახლობლები დღეს ციხეში არიან. მათ წაართვეს თავისუფლება, მაგრამ ვერ წაართვეს ღირსება, სიმართლე და რწმენა, რომ სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს.

ამ რთულ გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მხარდაჭერას. თითოეული სიტყვა, თითოეული გამოხატული სოლიდარობა, თითოეული აქციაზე მოსული ადამიანი გვაძლიერებს. როდესაც ვხედავთ, რომ საზოგადოება არ ივიწყებს პატიმრებს, არ ტოვებს მათ მარტო და მათ გვერდით დგას, ეს გვაძლევს ძალას, გავაგრძელოთ ბრძოლა. სოლიდარობა მხოლოდ თანაგრძნობა არ არის. სოლიდარობა არის მოქმედება. ეს არის ერთმანეთის გვერდით დგომა მაშინ, როდესაც ამისთვის გამბედაობაა საჭირო. ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა, რომ გაერთიანებული საზოგადოება უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი უსამართლობა.

მივმართავთ ჩვენს შვილებს, ჩვენს ახლობლებს, ყველა სინდისის პატიმარსა და პოლიტპატიმარს. თქვენ მარტო არ ხართ. თქვენი ოჯახები, მეგობრები და ათასობით მოქალაქე თქვენზე ფიქრობს და თქვენს თავისუფლებას ელოდება. ჩვენ ვამაყობთ თქვენი სიმტკიცით და გვჯერა, რომ დადგება დღე, როდესაც თავისუფლებას ერთად შევხვდებით. თქვენი ბრძოლა არ არის მხოლოდ პირადი ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებსაც: არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს მარტო უსამართლობის წინაშე. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა, ერთმანეთის მხარდაჭერა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ცვლილებებს ყოველთვის ადამიანები ქმნიან, ისინი, ვინც არ ეგუებიან უსამართლობას, ვინც ხმას იღებენ და მოქმედებენ.

არ იფიქროთ, რომ ერთი ადამიანის ხმა არაფერს ცვლის. ზუსტად ბევრი ერთი ადამიანის ხმა ქმნის საზოგადოებრივ ძალას. ზუსტად ამ ძალით იბადება ცვლილება. დღეს ჩვენი მთავარი გზავნილია, არ დავიღალოთ, არ გავჩუმდეთ და არ შევეგუოთ უსამართლობას. ერთმანეთი გავაძლიეროთ, შევინარჩუნოთ სოლიდარობა და ერთად ვიდგეთ თავისუფლების, სამართლიანობისა და ადამიანური ღირსების დასაცავად.

მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაში ჩვენს გვერდით დგას. გელოდებით დღეს, მარშზე, 19:00 საათზე, ფილარმონიიდან პარლამენტამდე, რომელიც სწორედ რეჟიმის ტყვეებს ეძღვნება. თავისუფლება სინდისის პატიმრებს! თავისუფლება პოლიტპატიმრებს", - თქვეს დაკავებულების ოჯახის წევრებმა ერთობლივ განცხადებაში.


close დახურვა