ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, რაც ძალიან სამწუხაროა, იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება, – ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
„თქვენ იცით, რომ ტრადიციულად საქართველოსა და გერმანიას შორის იყო ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობები. ძალიან დიდი როლი შეასრულა გერმანიამ, განსაკუთრებით 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო და მაშინ გერმანია გვერდში ედგა ჩვენს ქვეყანას და ასე გრძელდებოდა ურთიერთობები წლების განმავლობაში. პრინციპში, ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შემობრუნდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ მადლიერები ვართ გერმანიის წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამო და დიდი სურვილი გვაქვს, რომ აღდგეს მეგობრული ურთიერთობები, რასაც ვიყავით მანამდე მიჩვეული. სამწუხაროდ, ბატონმა ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა ამ ურთიერთობებს და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება,“- აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, პეტერ ფიშერს საქართველოში გერმანიის ელჩის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
