1 ივლისიდან ძალაში შევიდა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის ერთობლივი რეგულაცია, რომლის საფუძველზეც ევროკავშირმა აშშ-დან იმპორტირებულ თითქმის ყველა სამრეწველო საქონელზე სატარიფო განაკვეთები გააუქმა.
რეგულაცია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და აშშ-ის ადმინისტრაციას შორის მიღწეული სავაჭრო შეთანხმების შემდეგ ამოქმედდა.
ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალის მიხედვით, ნულოვანი ტარიფები ვრცელდება ავტომობილებზე, თვითმფრინავებსა და მათ ნაწილებზე, ქიმიურ და ფარმაცევტულ პროდუქციაზე, მანქანა-დანადგარებზე, ელექტროტექნიკაზე, ტექსტილზე, ავეჯსა და პლასტმასის ნაწარმზე.
ევროკავშირმა ასევე გააუქმა ბაჟი აშშ-დან იმპორტირებულ ზღვის პროდუქტებზე და გაზარდა კვოტები გარკვეულ აგროპროდუქტებზე.
აშშ-ის საპრეზიდენტო პროკლამაციის მიხედვით, ამერიკულმა მხარემ ევროკავშირის საქონელზე ტარიფები სრულად არ გააუქმა. დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირიდან იმპორტირებული სამრეწველო საქონლისა და ავტომობილების უმეტესობაზე მაქსიმალური ტარიფი 15%-ით განისაზღვრა, ხოლო ფოლადსა და ალუმინზე 50%-იანი ტარიფი ძალაში დარჩა.
შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირმა ასევე აიღო ვალდებულება, გაზარდოს აშშ-დან ენერგორესურსების, მათ შორის თხევადი ბუნებრივი აირისა და ნავთობის, შესყიდვა და 2028 წლის ბოლომდე აშშ-ის თავდაცვისა და სუფთა ენერგიის სექტორებში 600 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელოს.
დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმება 2029 წლის ბოლომდე იმოქმედებს. მასში ასევე გათვალისწინებულია დებულება, რომლის საფუძველზეც ევროკომისიას უფლება ექნება ნულოვანი ტარიფები გააუქმოს, თუ შეთანხმების პირობები დაირღვევა ან ევროკავშირის მიმართ ახალი სავაჭრო შეზღუდვები დაწესდება.
