logo
ENG



დიპლომატიური უთანხმოება კიევსა და ვარშავას შორის

01 ივლ 202616:15
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/01/hqtnteowurosl0r.png

უკრაინის პარლამენტმა, ვერხოვნა რადამ, 1 ივლისს გამართულ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით, დაჩქარებული წესით მიიღო კანონი „ეროვნული პანთეონის შესახებ“. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 28 ივნისს წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული მემორიალური ადგილის შექმნას, სადაც სხვადასხვა ეპოქაში უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პირების ხსოვნა იქნება უკვდავყოფილი.

კანონის მიღებას წინ უძღოდა დიპლომატიური უთანხმოება პოლონეთთან. 19 ივნისს, პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტს ჩამოართვა „თეთრი არწივის“ ორდენი, რომელიც ზელენსკის 2023 წელს პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ გადასცა. ნავროცკის განცხადებით, ჯილდოს ჩამორთმევის მიზეზი გახდა უკრაინის არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხე არმიის (UPA) გმირების“ სახელის მინიჭება. საპასუხოდ, ზელენსკიმ ჩამორთმეული ორდენი ვარშავაში ფოსტით გააგზავნა და გააუქმა ვიზიტი გდანსკში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე.

ამავე საკითხზე 29 ივნისს განცხადება გააკეთა პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლონეთი არ მისცემს თანხმობას უკრაინის ევროკავშირში მიღებაზე, თუ კიევი უარს არ იტყვის აღნიშნული ნაციონალისტური მოძრაობებისა და მათი ლიდერების ოფიციალურ განდიდებაზე. 1 ივლისს პოლონეთის პრეზიდენტის ოფისმა უკრაინული პანთეონის კანონის მიღებას ოფიციალურად უწოდა ესკალაციის ახალი ეტაპი.

მხარეებს შორის არსებული უთანხმოების კონკრეტული საფუძველია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში (1943–1945 წლებში) მომხდარი ისტორიული მოვლენები, კერძოდ „ვოლინის ტრაგედია“.

  • პოლონური მხარის ცნობით ვარშავა „უკრაინის მეამბოხე არმიას“ (UPA) ადანაშაულებს ვოლინსა და აღმოსავლეთ გალიციაში (დღევანდელი დასავლეთ უკრაინის ტერიტორია) მცხოვრები ეთნიკურად პოლონელი სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივ მკვლელობაში. პოლონეთის პარლამენტისა და ისტორიული ინსტიტუტების მიერ ეს მოვლენები კვალიფიცირებულია როგორც გენოციდი, რომელსაც სხვადასხვა მონაცემებით 60 000-დან 100 000-მდე პოლონელი შეეწირა.
  • უკრაინული მხარის ცნობით კი, კიევისთვის „უკრაინის მეამბოხე არმია“ (UPA) და მისი ხელმძღვანელობა წარმოადგენენ პარტიზანულ ფორმირებას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში ებრძოდა როგორც ნაცისტურ გერმანიას, ისე საბჭოთა რეჟიმს უკრაინის დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით. უკრაინის პოზიციით, ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი ისტორიული გმირების სტატუსი გარე ჩარევის გარეშე.

close დახურვა