არსებული ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს.
დაკავებულის ბიძამ, კოტე ალანიამ TV პირველს უთხრა, რომ პოლიცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში იყო მისული.
"იქ დაადგნენ ბავშვს თავზე და დაიჭირესო. ალბათ გუშინ დააკავეს. ერთადერთი ზარის გამო შეიძლება ბავშვი ციხეში 15 წლით ჩაჯდეს? გამოკითხვაზე იყო ბევრჯერ აქამდე, დაკითხეს პროკურატურაში და არაფერი არ იყო მის წინააღმდეგ და არ ვიცი, რომ ასე შეტრიალდა საქმე", - ამბობს დაკავებულის ბიძა.
შს მინისტრის მოადგილის შვილს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს განცხადებით, ბრალდებული ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე, მან გიგა ავალიანაზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.
მანამდე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კონკრეტული პირი, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში იყო საუბარი.
მდინარაძის თქმით, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების წარმოება მუდმივად მიმდინარეობს.
“დაზარალებული, მისი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით მათი ადვოკატები მუდმივად საქმის კურსში არიან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ და იციან, რას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს.
კონკრეტული პირის მიმართ ჩნდება ეჭვი საქმეში, იცოდა თუ არა მან კონკრეტული დანაშაულის შესახებ, დამალა, ხელი შეუწყო, დაეხმარა, რასთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები. ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციაზეც იგივე შემიძლია გითხრათ - ერთ-ერთ პირზე იყო საუბარი და ყველასთვის ცნობილი იყო, რომ მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ინფორმაციულობის მაღალი დონე ამის ფონზე იყო, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაზე ვერ საუბრობდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ამ წუთებში მე როგორც ვიცი და ჩემთვის როგორც ცნობილია, შეიძლება უკვე დაკავებულიც კი იყოს ის პირი, რომელზეც იყო საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში.
აბსოლუტურად გაგებით ვეკიდებით ყველა სიტყვას. დაზარალებულს, ყველაზე მეტის თქმის უფლება აქვს, მაგრამ ამავე დროს ყველას ვთხოვთ, მათ შორის დაზარალებულებსაც - არა მხოლოდ ამ საქმის დაზარალებულს - როდესაც საქმის კურსში ვართ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა და ამ ლოგიკიდან გადახვევა შეიძლება პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც.
დღეს, მე როგორც ვიცი, ამ ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკვე დაკავებულია კონკრეტული პირი, მაგრამ ეს თხოვნა და გაფრთხილება შეიძლება სხვა შემთხვევებშიც გამოგვადგეს. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, ნუ დავასწრებთ მოვლენებს. დავაცადოთ საგამოძიებო ორგანოებს იმ მოქმედებების ლოგიკურ შედეგებამდე მიტანა, რა მოქმედებების შედეგიც უნდა იყოს პირის ბრალდება. ეს გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიღებული ემოციურ ფონზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
