CNN –ის ცნობით ოთხშაბათს ღამით, 2 ივლისის გამთენიისას, რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე ომის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომბინირებული საჰაერო თავდასხმა განახორიცელა. იერიშს, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, საცხოვრებელი კორპუსების ნგრევა, ხანძარი და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე საზოგადოება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა და აღნიშნა, რომ დაზვერვის მონაცემებით რუსეთი ფართომასშტაბიან დარტყმას გეგმავდა.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების განცხადებით, მტერმა დედაქალაქს სხვადასხვა მიმართულებიდან ერთდროულად დაარტყა. თავდასხმისთვის გამოყენებული იყო დაახლოებით 500 დრონი და ათეულობით ფრთოსანი თუ ბალისტიკური რაკეტა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სამიზნეების უმრავლესობის განადგურება შეძლეს, სულ მცირე 33-მა ჭურვმა და ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევებმა მიზანს მიაღწია, რამაც ქალაქის ათივე რაიონში, 30-ზე მეტ ლოკაციაზე გამოიწვია ნგრევა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს, ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულია 13 ადამიანი. საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 85-ს აჭარბებს, რომელთაგან 70-ზე მეტი საავადმყოფოებშია გადაყვანილი. დაშავებულებს შორის არის მინიმუმ ერთი ბავშვი.
დარტყმის ქვეშ მოჰყვა სამედიცინო ინფრასტრუქტურაც — სასწრაფო დახმარების ქვესადგურზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაშავდა 6 მედიკოსი, მათგან ერთ-ერთი პარამედიკოსის მდგომარეობა კრიტიკულია. მაშველები და მეხანძრეები ამ დრომდე ებრძვიან ცეცხლს და ეძებენ ადამიანებს ნანგრევების ქვეშ. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა შემდეგ უბნებში: შევჩენკოს რაიონი (ცენტრი): ძლიერი ხანძარი გაუჩნდა სასტუმროს სახურავსა და 7-სართულიან საცხოვრებელ სახლს. გოლოსეევის რაიონი: ცეცხლი მოეკიდა 16-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ზედა სართულებს.
„საცხოვრებელ კორპუსებზე ძალიან სერიოზული პირდაპირი დარტყმები განხორციელდა. სამწუხაროდ, ნანგრევებიდან გარდაცვლილთა ცხედრებს ვპოულობთ,“ — განაცხადა კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ.
