მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ვინაიდან დაკავებული გიორგი მალანია არასრულწლოვანია.
სასამართლო პროცესს ესწრებოდა ბრალდებულიც.
" ქართული ოცნების" შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, მერაბ მალანიას შვილს გამოძიება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება.
გიორგი მალანია ახალგაზრდა მასწავლების საქმეზე გამოძიების დაწყებიდან 9 თვის შემდეგ დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი მალანიას დახმარებით, რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო, ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა გაარკვიეს მისი [ავალიანის] სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი. 2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
