ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მისალოცად გამართული სატელეფონო საუბარი თითქმის საათ-ნახევარს გაგრძელდა. კრემლის ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იყო.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და მშვიდობის დამყარებას.
უშაკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინმა საუბრისას კვლავ განაცხადა, რომ კონფლიქტის დასრულება მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი, თუმცა ამისთვის აუცილებელია რუსეთის „პრინციპული მიდგომების“ გათვალისწინება. მისი მტკიცებით, კიევი და მისი ევროპელი პარტნიორები კონფლიქტის გაჭიანურებასა და ესკალაციაზე არიან ორიენტირებულნი, ხოლო უკრაინა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ „ტერორისტულ“ ქმედებებს ახორციელებს.
კრემლის წარმომადგენლის განცხადებით, პუტინმა ტრამპს ასევე ფრონტზე არსებული ვითარება გააცნო და თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ და დასახლებულ პუნქტებზე კონტროლს ამყარებენ. უშაკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში ასევე განაცხადა, რომ ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ კონსტანტინოვკა დაიკავეს, თუმცა უკრაინული მხარე ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ქალაქზე კონტროლს კვლავ უკრაინის შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ.
იური უშაკოვის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პერსპექტივები არსებობს.
