ხუთი წელი იმ დღიდან, როდესაც თბილისის ცენტრში ძალადობამ სახელმწიფო ჩაანაცვლა. სამიზნე ერთი კონკრეტული ჯგუფი იყო. საბაბიც თითქოს კონკრეტული. მაგრამ დღეს, ხუთი წლის შემდეგ, უკვე ნათლად ჩანს, რომ 2021 წლის 5 ივლისი მხოლოდ უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული აგრესიის დღე არ ყოფილა. ეს იყო ძალის დემონსტრირება. დემონსტრირება იმისა, რომ ქუჩაში შეიძლება გამოჩნდეს ორგანიზებული ბრბო, იძალადოს, სცემოს, დაარბიოს, გაანადგუროს და ამისთვის მკაცრი სამართლებრივი, არც პოლიტიკური ფასი არ გადაიხადოს.
იმ დღეს ათეულობით ჟურნალისტს თავს დაესხნენ. დაზარალდა 50-ზე მეტი მედიის წარმომადგენელი. მათ თავს ესხმოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. რამდენიმე დღეში გარდაიცვალა მძიმედ ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. იმ საღამოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხიეს და დაწვეს. ბევრმა ეს მხოლოდ ვანდალიზმად აღიქვა. სინამდვილეში ეს იყო პოლიტიკური სიმბოლო. დროშასთან ერთად იწვოდა ქვეყნის საგარეო კურსიც.
დღეს უკვე ვიცით, რომ ეს ეპიზოდი ცალკე აღებული შემთხვევა არ ყოფილა. ის უფრო დიდი პროცესის ნაწილი აღმოჩნდა - იმ პროცესის, რომელმაც საქართველო - ევროპული ტრაექტორიიდან, თანდათან რუსული პოლიტიკური ტექნოლოგიების სივრცეში გადაიყვანა. რუსული ჰიბრიდული ომი ყოველთვის საჰაერო დაბომბვებით, "ისკანდერებით" და "კინჟალებით" არ იწყება. ხშირად ის იწყება სიძულვილის გაღვივებით. მერე მოდის მტრის ხატის შექმნა. შემდეგ - საზოგადოების დაყოფა. შემდეგ - ძალადობის გამართლება. და ბოლოს - ძალადობის ნორმალიზება. ზუსტად ეს გზა გავიარეთ.
სამწუხაროდ, ამ პროცესში განსაკუთრებულად მტკივნეული იყო იმ ადამიანებისა და ინსტიტუტების როლი, რომელთა სიტყვას საზოგადოებისთვის მორალური ავტორიტეტის მნიშვნელობა აქვს. როდესაც სასულიერო პირი საუბრობს, ეს მხოლოდ ერთი ადამიანის მოსაზრება არ არის. როდესაც ეპისკოპოსი მოქმედებს, ეს მხოლოდ მისი პირადი არჩევანი არ არის. როდესაც ეკლესიასთან დაკავშირებული გავლენიანი ფიგურა სიძულვილს აღვივებს, ან ძალადობისთვის ნიადაგს ქმნის, შედეგი ბევრად სცდება სიტყვებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ის, რა მოხდა 2021 წლის 5 ივლისს, არამედ ისიც, რა ვერ მოხდა ამის შემდეგ.
ვერ ვნახეთ და მოვისმინეთ სრული სიმართლე. ვერ ვნახეთ პასუხისმგებლობა. ვერ ვნახეთ გულწრფელი სინანული. ვერ ვნახეთ რეფლექსია. ვერც პოლიტიკური ხელისუფლებისგან. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვერც იმ გავლენიანი სასულიერო წრეებისგან, რომელთა როლზეც საზოგადოებაში დღემდე უამრავი კითხვა არსებობს. პირიქით.
ხუთი წლის თავზე ისევ იგივე სახეებს ვხედავთ. ისევ იგივე რიტორიკას ვისმენთ. ისევ იმავე "მტრებზე" გვაქეზებენ. ადანაშაულებენ ისევ ევროპას. ისევ დასავლეთს. ისევ ადამიანის უფლებებს. ისევ თავისუფლებას. და ამ ფონზე განსაკუთრებით მძიმეა ერთი ახალი ფაქტი, ერთი დეტალი, რომელიც დეტალზე ბევრად მეტია.
სულ ახლახან, 5 ივლისის კვირაში, იმ ძალადობრივი დღის ხუთი წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე, საზოგადოებამ იხილა ექსტრემისტ პრორუს პოლიტიკოს ზურაბ მახარაძის შეხვედრა საქართველოს ახლად არჩეულ პატრიარქ, შიო მესამესთან. საგულისხმოა, რომ დღემდე, პატრიარქი შიო არცერთ ოპოზიციონერ ლიდერს არ შეხვედრია, არც პატიმრობაში მოუნახულებია. მახარაძის მიღება, ეს არ არის ჩვეულებრივი შეხვედრა. ეს არ არის რიგითი ფოტო. და ეს ვერ აიხსნება უბრალოდ შემთხვევითობით. ზურაბ მახარაძე არ არის მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი. ის არის იმ ძალადობრივი, პრორუსული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომლის სახელსაც 2021 წლის 5 ივლისის ორგანიზებასთან დაკავშირებული უმძიმესი კითხვები უკავშირდება. ამიტომ, როდესაც ასეთი ფიგურის პატრიარქთან შეხვედრის ამსახველი ინფორმაცია დემონსტრაციულად ჩნდება საჯარო სივრცეში, ეს უკვე მხოლოდ კერძო აუდიენცია აღარ არის. ეს არის გზავნილი. და თუ ეს გზავნილი არასწორად გვესმის, მაშინ აუცილებელია განმარტება. თუ სწორად გვესმის, მაშინ პრობლემა კიდევ უფრო მძიმეა. საპატრიარქომ უნდა განმარტოს, რას ნიშნავდა ეს შეხვედრა, რატომ მოხდა ის სწორედ ახლა, რატომ სწორედ ამ კვირაში, და რატომ იმ ადამიანთან, რომლის პოლიტიკურ ბიოგრაფიასაც 5 ივლისის ძალადობის ჩრდილი სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება. და ამას თუ ვინმე ვერ ხვდება - მითუმეტეს საპატრიარქოში, ეს დიდი პრობლემაა, რადგან ძალადობა ყოველთვის იწყება სიტყვით. შემდეგ ხდება ჟესტი. შემდეგ მუქარა. შემდეგ მუშტი. და ბოლოს - ტრაგედია. ამ ჯაჭვში არც ერთი რგოლი არ არის უმნიშვნელო. სწორედ ამიტომ აქვს მნიშვნელობა თითოეულ საჯარო სიტყვას. თითოეულ ქადაგებას. თითოეულ განცხადებას. თითოეულ მინიშნებას. თითოეულ ფოტოსაც. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ავტორიტეტული ინსტიტუტიდან მოდის. ხუთი წლის შემდეგ ჩვენ აღარ ვსვამთ კითხვას - რა მოხდა 2021 წლის 5 ივლისს. ეს უკვე ყველამ ვიცით. მთავარი კითხვაა - ვისწავლეთ რამე? რამდენადაც, თუ საზოგადოება ძალადობას არ აფასებს, ის ბრუნდება. სხვა ფორმით. სხვა სამიზნით. სხვა ადგილას.
მაგრამ ყოველთვის ბრუნდება. და თუ დღეს ვინმეს ჰგონია, რომ 5 ივლისი წარსულია, საკმარისია 5 ივლისის კვირას გაკეთებულ გზავნილებს გადახედოს. 5 ივლისი არ დასრულებულა! ის უბრალოდ ფორმას იცვლის...
