თეთრი სახლის ინფორმაციით, ანკარაში, NATO-ს სამიტის ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
სამიტს 7-8 ივლისს უმასპინძლებს თურქეთის დედაქალაქი ანკარა.
მანამდე, 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრები ჰქონდა უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებთან, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინთან.
ტრამპთან საუბრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება გააცნო და შეთანხმდნენ, რომ ნატოს სამიტზე პირისპირ გააგრძელებდნენ განხილვას.
"არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ეს ომი დასრულდეს და ამერიკის მტკიცე პოზიცია ამაში გადამწყვეტია", - დაწერა ზელენსკიმ.
კრემლის ინფორმაციით, ტრამპსა და პუტინს შორის დაახლოებით 90-წუთიან სატელეფონო საუბარში ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის შუამავლობა გააგრძელოს, ხოლო პუტინმა კვლავ გაიმეორა მოსკოვის პოზიცია, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს რუსეთის "ფუნდამენტურ მიდგომას" კონფლიქტის მოგვარების საკითხში.
სატელეფონო საუბრები იმ ფონზე გაიმართა, როდესაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე მრავალთვიანმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ კიევსა და მოსკოვს შორის არსებული უთანხმოება ვერ შეამცირა. რუსეთი კვლავ მოითხოვს უკრაინის აღმოსავლეთში ოკუპირებული ტერიტორიებზე კონტროლის შენარჩუნებას, ხოლო კიევი ტერიტორიულ დათმობებზე უარს აცხადებს.
რუსული მხარის ინფორმაციით, ფრონტზე წინ მიიწევენ, რასაც უკრაინული მხარე სიცრუეს უწოდებს. ამავდროულად კიევი აქტიურად აგრძელებს რუსეთის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე იერიშის მიტანას. ოფიციალური მონაცემებით, მარტის დასაწყისიდან უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის ობიექტებზე სულ მცირე 50-ჯერ განახორციელეს შეტევა. Energy Intelligence-ის შეფასებით, ამის შედეგად ივნისში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მოცულობა წლიურ ჭრილში 25%-ით შემცირდა, რაც ბოლო 20 წელის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
