logo
ENG



ტრამპი: აშშ თურქეთისთვის F-35-ის მიყიდვის შესაძლებლობას განიხილავს

07 ივლ 202619:57
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/07/7ym2aq48e0b9rkk.png

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თურქეთისთვის F-35 ტიპის გამანადგურებლების მიწოდების საკითხს განიხილავს. შესაბამისი განცხადება მან 7 ივლისს, ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ტრამპის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა საკითხი განხილვის პროცესშია.

„ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ. ეს შესანიშნავი თვითმფრინავია, საუკეთესო, რაც კი შექმნილა, და ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თურქეთი უკვე რამდენიმე წელია ცდილობს F-35-ის პროგრამაში დაბრუნებას. ანკარა 2019 წელს პროგრამიდან მას შემდეგ გამოირიცხა, რაც რუსული S-400-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები შეიძინა. იმავე მიზეზით აშშ-მა თურქეთს სანქციებიც დაუწესა.

ჟურნალისტების კითხვაზე, გეგმავს თუ არა აშშ CAATSA-ს ფარგლებში თურქეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებას, ტრამპმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ამ მიმართულებით მუშაობს.

„ჩვენ ვაპირებთ სანქციების მოხსნას. არ გვსურს სანქციები ჩვენს მეგობრებს დავუწესოთ“, – აღნიშნა მან.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ტრამპი აღნიშნულ საკითხს მოაგვარებს.

„ბატონმა ტრამპმა პირადად მოგვცა სიტყვა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – თქვა ერდოღანმა.

მანამდე, კვირის დასაწყისში, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონს მოუწოდა, თურქეთისთვის F-35-ის გამანადგურებლები არ მიეყიდა. მისი შეფასებით, ასეთი გადაწყვეტილება რეგიონში ძალთა ბალანსზე უარყოფითად აისახება.


close დახურვა