ევროკავშირის გაფართოების პროცესმა უმნიშვნელოვანესი იმპულსი შეიძინა. 10 ივლისს, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ოფიციალურად დაუჭირეს მხარი უკრაინისა და მოლდოვის ბლოკში გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში მომდევნო, რიგით მე-6 კლასტერის გახსნას, რომელიც „საგარეო ურთიერთობებს“ (External Relations) მოიცავს.
ევროპის საკითხებში ირლანდიის მინისტრის, თომას ბირნეს განცხადებით, გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნების ელჩებმა (COREPER) ერთხმად დაუჭირეს მხარი. მას შემდეგ, რაც ტექნიკური შეთანხმება მიღწეულია, კლასტერის გახსნის ოფიციალური ცერემონია ბრიუსელში, საერთო საქმეთა საბჭოს ფარგლებში, 14 ივლისს გაიმართება.
„ევროკავშირის გაფართოების სუპერ სამშაბათი გველოდება!“ – წერს თომას ბირნე სოციალურ ქსელ X-ზე.
14 ივლისს დაგეგმილ სამთავრობათაშორისო კონფერენციებზე წინსვლა ექნებათ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც. ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ შემდეგ ნაბიჯებზე:
იხურება მოლაპარაკებების მე-8 (კონკურენციის პოლიტიკა) და 29-ე (საბაჟო კავშირი) თავები.
იხურება 25-ე (მეცნიერება და კვლევები), 26-ე (განათლება და კულტურა) და 30-ე (საგარეო ურთიერთობები) თავები.ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია 2024 წლის 7 ივნისს მისცა. პროცესი მნიშვნელოვნად ფერხდებოდა უნგრეთის პოზიციის გამო. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის წინამორბედი — ვიქტორ ორბანი — წლების განმავლობაში ბლოკავდა კიევის პროგრესს და ვეტოს მოხსნის სანაცვლოდ უკრაინის მთავრობისგან 11-პუნქტიანი მოთხოვნის შესრულებას ითხოვდა, რაც ძირითადად ეთნიკურად უნგრელი უმცირესობების უფლებებს ეხებოდა.
მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში უკრაინამ ბუდაპეშტთან შეთანხმებას მიაღწია, რის შემდეგაც ევროკავშირის წევრებმა მწვანე შუქი აუნთეს მოლაპარაკებების პირველ, ფუნდამენტურ კლასტერს (Fundamentals). ხოლო სულ ახლახან, 3 ივლისს, უნგრულმა მხარემ თანხმობა განაცხადა მე-6 კლასტერის (საგარეო ურთიერთობები) სკრინინგის შედეგებზეც, რამაც 14 ივლისის ისტორიულ გადაწყვეტილებას საბოლოოდ გაუხსნა გზა.
ირლანდიამ, რომელიც ამჟამად თავმჯდომარეობს ევროკავშირის საბჭოს, გაფართოების პოლიტიკა თავის მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა და აქტიურად უჭერს მხარს „ოთხი ფავორიტის“ (მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა) ინტეგრაციას.
