თელავში 17 წლის ბიჭი ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრეს. დაჭრილი თელავის რეფერალურ სავადმყოფოში გადაიყვენს. შემთხვევა გვიან ღამით, ალაზნის გამზირზე მოხდა.
შსს-ს ცნობით მომხდარზე სამი პირი დააკავეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ძალადობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღის გამოყენებით არასრულწლოვანს დაზიანება მიაყენა.
შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
