Euronews-ის ინფორმაციით, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლები დაიბარეს და მოსკოვი ბალტიის ქვეყნების შესახებ ცრუ ბრალდებების გავრცელებაში დაადანაშაულეს.
ბალტიის ქვეყნების პოზიციით, კრემლი ბალტიის ქვეყნებიდან რუსულენოვანი მოსახლეობის თითქოსდა დეპორტაციის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რათა ყურადღება უკრაინის ქალაქებსა და სხვა სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმებიდან გადაიტანოს.
"რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს, ყურადღება გადაიტანოს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიიდან, საკუთარი თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს და ამით თავი აარიდოს პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულებისთვის", - განუცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Euronews-ს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა "კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული სახელმწიფოა", ხოლო საწინააღმდეგო მტკიცებები "არაფერია, თუ არა უსაფუძვლო რუსული პროპაგანდა".
ბალტიის ქვეყნების მიერ რუსეთის დიპლომატების დაბარების მიზეზი ასევე გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, განცხადება, რომლის მიხედვითაც ბალტიის ქვეყნებმა უკრაინულ დრონებს რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისთვის საჰაერო დერეფნები დაუთმეს.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გალუზინის ეს განცხადებები, რომლებიც რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე უკრაინის წარმატებული იერიშების შემდეგ გაკეთდა, "აშკარა სიცრუეა". სამინისტრომ მოსკოვს "ამ ცრუ ინფორმაციის დაუყოვნებლივ უარყოფისკენ" მოუწოდა.
ლიეტუვამ და ესტონეთმაც განაცხადეს, რომ მათ არასოდეს დაუშვიათ საკუთარი ტერიტორიის ან საჰაერო სივრცის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმებისთვის.
მოსკოვისთვის გაგზავნილ დიპლომატიურ წერილში ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა.
მთავრობების განცხადებით, ბოლო პერიოდში კიევსა და სხვა ქალაქებზე განხორციელებულმა იერიშებმა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა და ასობით ადამიანი დაშავდა, რაც, მათი შეფასებით, რუსეთის მიერ სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების კამპანიის კიდევ უფრო გაძლიერებას ადასტურებს.
