ჯგუფურად დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე დაკავებული ბიზნესმენი და ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი, ლევან გამრეკელი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ინფორმაციას ქართლის ამბები ავრცელებს და წერს, რომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ასევე გათავისუფლდა ლევან გამრეკელთან ერთად დაკავებული კიდევ 2 პირი - პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი.
ლევან გამრეკელი და მასთან დაკავშირებული 2 პირი 2025 წლის 11 ნოემბერს დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესა და რომან მეტივიშვილთან ერთად უკანონოდ დაეუფლა შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს.
კერძოდ, პროკურატურა აცხადებდა, რომ: "შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან გამრეკელმა, ხაშურის მუნიცპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად. ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა".
მათ თავისუფლების 10-წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრებოდა.
