მსოფლიო სწრაფად იცვლება. ის წესრიგი, რომელსაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვეყრდნობოდით, ნელ-ნელა ადგილს უთმობს ახალ რეალობას. რეალობას, სადაც მუდმივი ალიანსები სულ უფრო ნაკლებად არსებობს, ხოლო კონკრეტული ინტერესების გარშემო შეკრული დროებითი კოალიციები - სულ უფრო ხშირად.
სწორედ ამაზე წერენ კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი. მათი მთავარი გზავნილი მარტივია: იწყება „ცვლადი გეომეტრიის“ ეპოქა, სადაც ქვეყნებს სხვადასხვა საკითხზე სხვადასხვა პარტნიორები ეყოლებათ. უსაფრთხოებისთვის - ერთი ჯგუფი, ეკონომიკისთვის - მეორე, ტექნოლოგიებისთვის - მესამე. არც ძველი იდეალისტური ,,მრავალმხრივობა“ მუშაობს სრულად და არც ,,ცივი ძალის“ პოლიტიკა. წარმატებული იქნება ის, ვინც მოქნილიც იქნება და ღირებულებების ერთგულიც.
ერთი შეხედვით, ეს საქართველოსთვის სასიამოვნო ამბავიც კი შეიძლება ჩანდეს. თითქოს პატარა ქვეყნებს მეტი მანევრის საშუალება ეძლევათ. მაგრამ სინამდვილეში, ჩვენი მდგომარეობა ბევრად უფრო რთულია.
იმიტომ, რომ „ცვლადი გეომეტრია“ არ ნიშნავს „გაურკვეველ გეომეტრიას“.
ქვეყნები, რომლებიც ასეთ სისტემაში წარმატებას აღწევენ, ჯერ საკუთარ ცივილიზაციურ არჩევანს განსაზღვრავენ და მხოლოდ ამის შემდეგ ეძებენ პარტნიორებს სხვადასხვა მიმართულებით. ფინეთი შეიძლება ჩინეთთან ვაჭრობდეს, ინდოეთთან ტექნოლოგიურ თანამშრომლობას ავითარებდეს და ამერიკასთან თავდაცვის სფეროში მუშაობდეს, მაგრამ არავის უჩნდება კითხვა - სად არის მისი ადგილი? დასავლეთშია. წერტილი!
საქართველოს პრობლემა სწორედ აქ იწყება.
ჩვენ ბოლო წლებია მკვეთრად განსხვავებული ენთუზიაზმით, მაგრამ თითქოს ვცდილობთ ყველას ერთდროულად მოვეწონოთ, მაგრამ სულ უფრო ნაკლებად ვარწმუნებთ ვინმეს.
რას ვაკეთებთ სინამდვილეში: ევროპას ვეუბნებით, რომ ევროპა ჩვენი არჩევანია; პარალელურად ვუპირისპირდებით ევროპულ ინსტიტუტებს. ამერიკას ველაპარაკებით სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მაგრამ იმავე დროს მის კრიტიკას შეთქმულების ენით ვპასუხობთ. ჩინეთთან ვაფორმებთ სტრატეგიულ პარტნიორობას, ირანთან დაახლოების სიგნალებს ვაგზავნით, რუსეთთან კი ვცდილობთ „არ გავაღიზიანოთ“ და სულ უფრო აშკარა, მათ შორის ანექსიურ ტენდენციებსა და პრობლემებზე თვალი დავხუჭოთ.
ეს უკვე მრავალვექტორული პოლიტიკა აღარ არის. ეს სტრატეგიული ბუნდოვანებაა.
ახალ სამყაროში პატარა ქვეყნების მთავარი კაპიტალი არა ზომა, არამედ პროგნოზირებადობა იქნება. პარტნიორები იმ სახელმწიფოებს აირჩევენ, რომელთა სიტყვაც სანდოა, არჩევანიც გასაგებია და ინტერესებიც — მკაფიო.
კარნისა და სტუბის სტატიაში არის ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა: „თუ მაგიდასთან არ ზიხარ, მენიუში ხარ.“
საქართველოსთვის ამ ფრაზას კიდევ უფრო მკაცრი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ისტორია არაერთხელ გვახსენებს, რომ როდესაც საკუთარ არჩევანს თავად არ ვაკეთებთ, მას სხვები აკეთებენ და კანონზომიერად არა ჩვენს სასარგებლოდ.
სწორედ ამიტომ, ცვლადი გეომეტრიის ეპოქაში მთავარი არჩევანი ის კი არაა - რამდენ ქვეყანასთან ვიმეგობრებთ. მთავარი კითხვაა - ვინ ვართ ჩვენ და რომელ მაგიდასთან ვსხედვართ.
ამ კითხვაზე მკაფიო პასუხის გარეშე, ყველა დანარჩენი კოალიცია დროებითი იქნება. ხოლო დროებითი კოალიციების სამყაროში ყველაზე დაუცველი სწორედ ის ქვეყნები არიან, რომელთა მუდმივი არჩევანიც გაურკვეველია.
