logo
ENG



უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიში მიიტანა, დაარტყეს ნავთობსაცავს

20 ივლ 202612:20
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/20/14qpxp17rnaiq1d.jpg

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა განხორციელდა, რაც რუსული სახელმწიფო მედიის შეფასებით, ბოლო წლებში ერთ-ერთი უმსხვილესი იერიშის მცდელობა იყო.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, 19 ივლისის საღამოდან 20 ივლისის დილის ხუთ საათამდე რეგიონისკენ 400-ზე მეტი დრონი მიფრინავდა.მისივე მტკიცებით, მათი უდიდესი ნაწილი საჰაერო თავდაცვის ძალებმა შორეულ მისადგომებთანვე გაანეიტრალეს, უშუალოდ დედაქალაქის სიახლოვეს კი 85 დრონი განადგურდა.

თუმცა, ოფიციალურ პირებს იერიშის შედეგად გამოწვეულ ზარალზე დეტალურად არ უსაუბრიათ. მიუხედავად ოფიციალური განცხადებებისა, დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა ვიდეო და ფოტომასალის ანალიზით დაადგინა, რომ დარტყმები რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტზე განხორციელდა. კერძოდ, მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკში იერიში ნავთობის საცავზე მიიტანეს, სადაც ხანძარი გაჩნდა.

გარდა ამისა, დომოდედოვოში ცეცხლი გაუჩნდა ლოგისტიკური ცენტრის, "იუჟნაია ვრატას" ტერიტორიაზე მდებარე საწყობს, ხოლო ერთ-ერთი დრონი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის ცნობით, შეტევის ძირითადი შედეგები პოდოლსკში, დომოდედოვოსა და ოდინცოვოში დაფიქსირდა, სადაც დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ცალკეული ობიექტები. თავდასხმას მსხვერპლიც მოჰყვა - დომოდედოვოს საავადმყოფოს ინფორმაციით, აფეთქებებით გამოწვეული ტრავმებით კლინიკაში 6 დაშავებული მკურნალობს, მათგან სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

უკრაინულ მხარეს მოსკოვსა და მის შემოგარენზე განხორციელებული მორიგი შეტევის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.


close დახურვა