უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი მიხაილო დრაპატი იქნება.
ზელენსკის თქმით, მან მიხაილო დრაპატთან, ევგენი მოისიუკთან და პავლო პალისასთან ერთად შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განახლებული სტრუქტურა განიხილა. პრეზიდენტმა მოქმედ მთავარსარდალს, ალექსანდრ სირსკის, მადლობა გადაუხადა უკრაინის თავდაცვისა და სამხედრო ოპერაციების დროს მიღწეული შედეგებისთვის.
„გადაწყვეტილება მივიღე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი მიხაილო დრაპატი იქნება. მიხაილოსთან, ევგენი მოისიუკთან და პავლო პალისასთან ერთად განვსაზღვრეთ, როგორი უნდა იყოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განახლებული კონფიგურაცია.
ალექსანდრ სირსკიმ უზრუნველყო უკრაინის მნიშვნელოვანი შედეგები კიევის თავდაცვის, ხარკივის კონტრშეტევითი და კურსკის ოპერაციების დროს. ჩვენ მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ, თუმცა უკრაინის თავდაცვა გრძელდება და თითოეული მებრძოლისადმი ღირსეული დამოკიდებულებაა საჭირო.
მადლობას ვუხდი ალექსანდრ სირსკის და თითოეულ ჩვენს მებრძოლს უკრაინის ფრონტის ძლიერი პოზიციებისთვის. მიხაილო დრაპატს კი მადლობას ვუხდი სწორედ ამ ხედვისთვის.
დღეს ალექსანდრ სირსკისა და ანდრიი გნატოვთან ერთად სამომავლო სამსახურის ფორმატებსა და უფლებამოსილების გადაბარების საკითხებიც განვიხილეთ.
ყველას ერთი სურვილი გვაქვს - მტერზე გამარჯვება და ისეთი პირობების შექმნა ფრონტზე და რუსეთზე ზეწოლის მიმართულებით, რომლებიც მოსკოვს მშვიდობის მიღწევის აუცილებლობის წინაშე დააყენებს. ხვალ ყველა გადაწყვეტილებას ოფიციალურად გავაფორმებთ. ამ ვითარებიდან უკრაინა უფრო ძლიერი უნდა გამოვიდეს, ხოლო რუსეთისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდეს. დიდება უკრაინას!“ - განაცხადა ზელენსკიმ.
