ტაილანდელი მოგზაურისა და ცნობილი იუთუბერის, ჰლუნ სოლოს ოჯახი საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს მას შემდეგ, რაც 13 ივლისს საქართველოში მარტო მოგზაურობის დროს მასთან კავშირი სრულად დაკარგეს.
ტაილანდური მედიისა და მისი ძმის, Klose Mos-ის ცნობით, ოჯახმა ჰლუნთან დაკავშირება ვეღარ შეძლო ვერც ტელეფონით და ვერც ონლაინარხების საშუალებით, რის გამოც ყველა უკიდურესად შეშფოთებულია. ჰლუნ სოლო საქართველოში მარტო ჩამოვიდა იუთუბვიდეოს გადასაღებად, თუმცა ოჯახი არ აკონკრეტებს მის ზუსტ მარშრუტს და იმ გარემოებებს, თუ რა ვითარებაში გაწყდა კონტაქტი.
სოლოს ძმა თხოვნით მიმართავს საქართველოში მყოფ ტაილანდის მოქალაქეებსა და მოგზაურებს, მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია მისი ძმის შესახებ.
დახმარებისთვის უკვე მიმართეს ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს, ხოლო რადიო თავისუფლება ტაილანდის მოქალაქესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. ჰლუნ სოლოს იუტუბის არხზე, სადაც ის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის ვიდეოებს აქვეყნებს, მილიონამდე გამომწერი ჰყავს, ოჯახმა კი არხზე ახალი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჰლუნ სოლოს ბებია იმედს გამოთქვამს, რომ მისი შვილიშვილი მალე გამოჩნდება და დაბრუნდება.
