ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტის საქართველოში შემოტანაზე. მისი თქმით, მედიკამენტს იტალიური კომპანია შემოიტანს.
"დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ დღეს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია იტალფარმაკოსთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ. ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც შეიძენს ამ მედიკამენტს და შეიტანს მას დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში", - თქვა მან ბრიფინგზე.
ამასთან, მიხეილ სარჯველაძის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მეორე მედიკამენტის შემოტანაზეც.
"რაც შეეხება მეორე მედიკამენტს, რომლის თაობაზეც იყო საუბარი ადრე, მინდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე მიმართულებით კვლავ გრძელდება და ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება, რასთან დაკავშირებითაც, საზოგადოებას ცხადია გავუზიარებთ ინფორმაციას", - თქვა მან.
