ქართული ოცნების წარმომადგენელი, თბილისის მერი კახა კალაძე საინტერესოს უწოდებს ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების "დასაცავად" შექმნილ საინიციატივო ჯგუფს და ამბობს, რომ ამ ინიციატივაზე გუნდში იმსჯელებენ.
"საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ.
სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ. ეს არ არის შემთხვევითი, გარედანაა თავსმოხვეული. გადავხედოთ ამ კონკრეტულ ადამიანებს, ორგანიზაციებს, აღმოვაჩენთ, რომ უცხოეთიდან ხდება მათი დაფინანსება და წახალისება. ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცულობა არ გულისხმობს ბილწსიტვაობის და შეურაცხყოფის მიყენების უფლების ქონას, ეს კანონის გზით არის დასარეგულირებელი", - ამბობს ის.
ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების "დასაცავად" ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება.
ეს ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომელსაც მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია ესწრებოდნენ.
ჯგუფის განცხადებით, ახალი ინიციატივა ბრიტანული კანონის ანალოგია, რომლითაც სამეფო ოჯახის შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადია.
ისინი შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას აანონსებენ და ქართული ოცნების პარლამენტს პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებენ.
