სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკავეს ქ. ბათუმის მერიის ა(ა)იპ "ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი.
"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა საქართველოს მოქალაქისგან, ქ. ბათუმში უკანონოდ აშენებული კომერციული დანიშნულების ფართზე კანონით დადგენილი ჯარიმის თავიდან აცილების სანაცვლოდ, ქრთამი აიღო, რა დროსაც დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
"ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში" დაკავებულის უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა კლასის სამშენებლო ობიექტის კონტროლი, ასევე, უნებართვოდ მიმდინარე და უკვე უკანონოდ განხორციელებულ სამუშაოებზე კანონით განსაზღვრული რეაგირების მოხდენა", - წერს უწყება.
მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
