logo
ENG



რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო შენაერთი განლაგდა

05 აგვ 202613:16
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/05/mz533ryrn81all1.jpg

დასავლეთ რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო დანაყოფი განლაგდა. Reuters-ის ცნობით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრიი ჩერნიაკმა დაადასტურა, რომ რუსეთი გეგმავს დაახლოებით 90 ჩრდილოკორეელი სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი შენაერთის განთავსებას ვორონეჟის ოლქში, რუსეთის 112-ე სარაკეტო ბრიგადის შემადგენლობაში.

ფხენიანმა მოსკოვს უკვე გაუგზავნა 40 ერთეული KN-23 და KN-24 ტიპის რაკეტა და შესაბამისი სამხედრო პერსონალი. სავარაუდოა, რომ საბოლოო ჯამში ჩრდილოკორეელი სამხედროები 120 ბალისტიკური რაკეტითა და 6 გამშვები დანადგარით მომარაგდებიან, რომელთა ზუსტი რაოდენობაც მომდევნო თვეში, მაღალი დონის მოლაპარაკებების შემდეგ განისაზღვრება. მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, კონკრეტულად რა როლს შეასრულებენ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები რუსეთის სარაკეტო ოპერაციებში, ეს ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ალიანსის კიდევ უფრო გაღრმავებაზე მიუთითებს.

აღნიშნული განლაგება დროში ზუსტად ემთხვევა გასულ კვირაში რუსეთის მიერ ორი ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტის გამოყენებას — რაც მსგავსი შეიარაღების გამოყენების პირველი შემთხვევა იყო გასული წლის აგვისტოს შემდეგ. 2023 წლის ბოლოდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ უკვე არაერთი ჩრდილოკორეული წარმოების რაკეტა გამოიყენა, თუმცა სარაკეტო ძალების უშუალო განლაგება რუსეთის ტერიტორიაზე ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.

ვითარებას ართულებს უკრაინის სავალალო მდგომარეობაც საჰაერო თავდაცვის კუთხით. ქვეყანას მაღალი კლასის საჰაერო თავდაცვის სისტემების მწვავე დეფიციტი აქვს, რის ფონზეც რუსეთი ბალისტიკურ რაკეტებს განსაკუთრებული ინტენსივობით იყენებს, მათი ჩამოგდება კი ტექნიკურად უკიდურესად რთული ამოცანაა.


close დახურვა