2008 წლის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და დღევანდელი სასტიკი ომი უკრაინაში ერთი და იმავე რუსული იმპერიალისტური მსოფლმხედველობის შედეგია — ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა განაცხადა. დიპლომატმა საერთაშორისო საზოგადოებას მოსკოვზე მყარი და უწყვეტი ზეწოლისკენ მოუწოდა.
ბუდრისის განცხადებით, 18 წლის წინ განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ კრემლის ნამდვილი სახე საბოლოოდ გამოააშკარავა. მიუხედავად იმისა, რომ წლები გავიდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები კვლავ ოკუპირებულია, საერთაშორისო ვალდებულებები შეუსრულებელი რჩება, ხოლო ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევები და იძულებითი გადაადგილება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
„იგივე იმპერიალისტური აზროვნება, რომელიც 2008 წელს საქართველოს თავს დაესხა, დღეს უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის მთავარი მამოძრავებელი ძალაა,“ — აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
კესტუტის ბუდრისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მის ევროპულ მისწრაფებებს. მისი თქმით, ქართველი ხალხის ევროპული მომავლისა და დამოუკიდებელი კურსისთვის უდიდეს საფრთხედ სწორედ რუსული ოკუპაცია და კრემლის მხრიდან ქვეყნის სუვერენიტეტის შერყევის მცდელობები რჩება.
მინისტრის დასკვნით, საქართველოს მომავალი მის დემოკრატიულ არჩევანსა და ხალხის ნებაშია, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსეთმა ოკუპაცია დაასრულოს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს დაემორჩილოს.
